განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილის და ექს-დეპუტატ დავით ზურაბიშვილის შეფასებით, „ქართული ოცნება“, როგორც პოლიტიკური პარტია, არ არსებობს და ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის პირად გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა, სადაც ჟურნალისტმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრისას „ქართული ოცნების“ გუნდის ყოფილ წევრს ჰკითხა - ვის სამსახურშია დღეს „ქართული ოცნება“.
„ქართული ოცნება“ არ არსებობს — არსებობს ბიძინა ივანიშვილი, ერთი კაცი, რომელიც თავისი ძალაუფლების სამსახურშია. მას სურს აბსოლუტური ძალაუფლება და რამდენადაც ის ვერ ხედავს ევროინტეგრაციაში საკუთარ ადგილს, იმ პოლიტიკით, რასაც ატარებს, საქართველო ავტომატურად ექცევა რუსეთის გავლენის სფეროში. ახლა ეს ცხადზე უცხადესია“, - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.
მისივე აზრით, ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, შექმნილი ვითარება აზიის ქვეყნებთან ურთიერთობებით დააბალანსოს, მაგრამ ეს მიმართულება არ იმუშავებს.
„ის ახლა ცდილობს დააბალანსოს აზიით, ჩინეთით, მაგრამ ეს არ გამოვა. ეს კურსი არის ანტიდასავლური და, მე ვიტყოდი, ანტიქართული პოლიტიკა - ზუსტად ისე, როგორც 2x2=4,“ - აღნიშნა ყოფილმა დეპუტატმა.
- ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მომავალს ასე მხოლოდ იმიტომ ექცევა, რომ კიდევ ბევრი წელი დარჩეს ხელისუფლებაში?
- მგონია, ის საერთოდ ფიქრობს, რომ სამარადისოდ უნდა დარჩეს [ხელისუფლებაში] ანუ სანამ ცოცხალია, უნდა იყოს და მერეც კიდევ ვიღაცას [ან] შვილებს დაუტოვოს...
- თქვენც იყავით „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი... 2012 წელს არ ეტყობოდა, რომ ამ გეგმით მოვიდა?
- არა, არანაირად... მსგავსი არაფერი ჩანდა არა თუ 2012-ში, 2016-შიც არ ჩანდა და დასავლეთში 2020 წელსაც არ უყურებდნენ ასე... ძალიან მკვეთრი შემობრუნება მოხდა უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა ჩათვალა, რომ რუსეთი მოიგებს, რუსეთის გავლენის სფეროში მოვექცევით ისედაც და ჩათრევას ბარემ [ჩაყოლა ამჯობინა]; ასე ვთქვათ, [იფიქრა] - „ბარემ შევინარჩუნებ ამ პოზიციას“
- მაინც რუსეთის ფაქტორი... წერტილი რას დავუსვათ ამ ქვეყანაში? რა დავასრულოთ?
- ცოტა რთული იქნება ამ ხელისუფლების დასრულება, რომ რაღაც ეშველოს ამ ქვეყანას. ამ, ამ ხელისუფლებას აღარ დარჩა პოტენციალი, რომ გააკეთოს რამე უკეთესი. ის მიდის პირდაპირ დიქტატურისკენ. ეს პროცესი, რასაც ვუყურებთ, არის დიქტატურული, ავტორიტარული რეჟიმი, სადღაც ტოტალიტარულში გადამავალი რეჟიმის კონსოლიდაცია... ჩვენ ვართ ახლა უარეს მდგომარეობაში, ვიდრე ვიყავით თუნდაც შარშან ამ დროს ან შარშანწინ - იქითა პერიოდებს აღარც ვადარებ საერთოდ. ფაქტია, რაღაც არის გასაკეთებელი მთელი საზოგადოების ძალისხმევით; წინააღმდეგობის ის ტრადიციული მეთოდები, რომელიც ჩვენ გვქონდა - პარტიებს თუ აქტივისტებს - ჩემი აზრით, სერიოზულად გადასააზრებელია, ჯერჯერობით, მხოლოდ უარყოფითი შედეგი გვაქვს.




























