მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

[ივანიშვილი] ხედავს, რომ ამომრჩეველს უკვე ვეღარ ეყრდნობა, ამიტომ დაიწყო დრაკონული კანონების მიღება - ბაჩიაშვილი

ბაჩიაშვილი

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის მთავარი პირადი უსაფრთხოებაა და ამის გამო მან საკუთარი ამომრჩეველიც გადააგდო. ახლა კი როდესაც საკუთარ ამომრჩეველს ვეღარ ეყრდნობა, დრაკონული კანონების მიღება დაიწყო. ამის შესახებ მან „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

გიორგი ბაჩიაშვილი იმასაც ამბობს, რომ ივანიშვილი ხედავდა, თავისი რეჟიმით ევროპაში ვეღარ შევიდოდა, რადგან ამის მინიშნებებიც კრიტიკის სახით იყო. ბაჩიაშვილი აცხადებს, რომ ივანიშვილი ყოველთვის დასწრებაზე მუშაობს, ამის მაგალითებად PACE-დან გამოსვლა და ევროკავშირში გაწევრიანების შეწყვეტა მოჰყავს.

„მის თავში და რეალობაში... მისთვის ეგზისტენციალურია სრული კონტროლი ძალოვნებზე, სასამართლოზე, მისი პირადი უსაფრთხოებისთვის. ის ასე თვლის. მაგრამ სამწუხაროდ, ისეთი ქვეყანა, რომელშიც მარტო ივანიშვილი იქნება უსაფრთხოდ, დიდხანს ვერ გაძლებს. ჩვენ ისეთი ქვეყანა გვინდა, რომელშიც ივანიშვილიც უსაფრთხოდ იქნება.

სამწუხაროდ, ეს არ ესმის. რეალურად, „ქართულ ოცნებას“ ძალიან მაღალი მხარდაჭერაც ჰქონდა და თვითონვე გადადგა ისეთი ნაბიჯები, რომ თავისივე ამომრჩეველი გადააგდო და მის წინააღმდეგ შემოატრიალა. თავის მტერი გამოდის. ბევრი [ამომრჩეველი] ხვდება რომ გადაგდებულია თუნდაც ევროინტეგრაციის კუთხით.

რომ ხედავს, ამომრჩეველს უკვე ვეღარ ეყრდნობა, ამიტომ დაიწყო დრაკონული კანონების მიღება, რომ ეგება ძალოვანებით დაიჭიროს სიტუაცია“, - განაცხადა ბაჩიაშვილმა და „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტის კითხვაზე - რად უნდა ივანიშვილს კანონი, პასუხობს: „ეს არის შირმა. იგივე ამომრჩეველს და მდინარაძეს, რომ სალაპარაკო ჰქონდეს, რომ კანონით ვაკეთებთ ყველაფერს“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები