"რა თქმა უნდა, ეს არ არის არანაირი კორუფციასთან ბრძოლა და კანონის უზენაესობა", - ასე აფასებს დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დამფუძნებელი უჩა ნანუაშვილი ბოლო დროს "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებისა და წევრების მიმართ დაწყებულ სისხლის სამართლებრივ დევნას.
როგორც ის გადაცემა "წერტილის" ეთერში ამბობს, ყოფილ თანამდებობის პირებთან ბრძოლა ბიძინა ივანიშვილის მეთოდია, რითაც ის ცდილობს, რაც შეიძლება დიდ ხანს დარჩეს ხელისუფლებაში და შეინარჩუნოს ფინანსური რესურსები.
"კორუფციის შესახებ ინფორმაცია დღესაც, მოქმედ თანამდებობის პირებთან დაკავშირებითაც ვრცელდება. რატომ არ დაიწყო გამოძიება არც ერთი მოქმედი მინისტრის, ან მაღალი თანამდებობის პირის წინააღმდეგ? ეს ვერ ვნახეთ.
ბიძინა ივანიშვილი სწორედ ასეთი მეთოდებით მოვიდა დღემდე, ის ყოველთვის ცვლის გუნდს, ყოველთვის გაწირავს ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ წევრს, თანამზრახველს, იმისთვის, რომ რაღაც სარგებელი მოიპოვოს და რეალურად დარჩეს [ხელისუფლებაში].
ნახეთ, როგორ შეიცვალა მისი გარემოცვა საქართველოში 13-წლიანი პოლიტიკური არსებობის განმავლობაში და ასევე გაწირავს ამჟამინდელ ჯგუფსაც, დარწმუნებული ვარ, ამჟამინდელი პრემიერის მეთაურობით, როდესაც უკვე მეტი პერსპექტივის დანახვის შესაძლებლობა ექნება, სწორედ აქეთკენ მიდის ყველაფერი. მისთვის მთავარია, რომ რაც შეიძლება დიდი ხანს დარჩეს ხელისუფლებაში და, რუსეთის ინტერესების გათვალისწინების გარეშე, როგორც ჩანს, ამას ვერ ახერხებს. სწორედ ამიტომ, მას სჭირდება რუსეთი, მას სჭირდება რუსული გავლენების გაძლიერება საქართველოში და ეს არის, ალბათ, ერთ-ერთი ის საშუალება მისთვის, რომ მისი ფინანსები, მისი რესურსი გადარჩეს და რეალურად არ დაკარგოს ის, რაც გააჩნია", - ამბობს უჩა ნანუაშვილი.
"წერტილის" ეთერში იგი "ქართული ოცნების" მიერ ბოლო დროს მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებსა და დაანონსებულ რეფორმებსაც აფასებს. როგორც ნანუაშვილი აღნიშნავს, ბოლო დროინდელი განცხადებები ცხადყოფს, რომ "ქართული ოცნება" ქვეყანაში ერთპარტიული მმართველობის აღდგენას ცდილობს.
"ვფიქრობ, ვბრუნდებით იქ, საიდანაც გამოვედით 30-35 წლის წინ. პრაქტიკულად, „ქართული ოცნება“ ცდილობს ქვეყანა დააბრუნოს იქ, უკან, სადაც ვიყავით, საიდანაც ბოლომდე ვერ გამოვედით, სამწუხაროდ, მაგრამ ამ წლების განმავლობაში ვცდილობდით საბჭოთა კავშირიდან გამოსვლას.
ბოლო დღეების განცხადებებიც ამას მოწმობს. ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი, ერთი უნივერსიტეტი - ისეთი განცხადებები კეთდება, ყველაფერზე მრჩება შთაბეჭდილება, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს აღადგინოს ეს ერთპარტიული სისტემა. საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მინიჭებული უფლებამოსილებაც, რომ ასევე აიკრძალოს პოლიტიკური პარტიები, ალბათ, სწორედ აქეთკენ მიდის, რომ არსებობდეს მხოლოდ ერთი პარტია. დღეს საბჭოეთი აღარ არის, ამიტომ, "ქართულ ოცნებას" მივყავართ პირდაპირ რუსეთში და ბოლოს მიღებული თითქმის ყველა კანონი არის კალკი იმ რუსული კანონების, რომელიც ამოქმედდა რუსეთში წლების წინ და დღესაც რასაც ვხედავთ, თუნდაც, ის ფორმა, როგორ ხდება ამ კანონების მიღება, დაჩქარებული წესით, არის ზუსტად საბჭოური, სადაც ყოველგვარი განხილვის, დისკუსიის გარეშე ხდებოდა ასეთი კანონების მიღება და აჩენს კითხვას, რომ რაღაცას ჩქარობენ, თითქოს რაღაცა მოსასწრები აქვთ, რომ ძალიან მცირე დროში უნდათ ბევრი რამის გაკეთება", - ამბობს ნანუაშვილი.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დამფუძნებლის თქმით, ამაზე მეტყველებს სწრაფი დაკავებების სერიაც, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ქვეყანაში დიდი ხანია მოქმედებენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც კორუფციის ფაქტებს ავლენენ.
"შექმნილია ახალი ორგანოც, ანტიკორუფციული ბიუროც, რომელიც ნაცვლად იმისა, რომ რეალურად იკვლევდეს კორუფციის კონკრეტულ ფაქტებს, პრაქტიკულად დევნის სამოქალაქო სექტორს, უცხოურ დაფინანსებას, მედიას და ეს არის ის რეალობა, რომელშიც ჩვენ მოვედით და ეს რეალობა არის სწორედ ის, რომ „ქართული ოცნება“ არის უკვე კრიზისში, ის უკვე ვეღარ მართავს პროცესებს და ისინი ცდილობენ, რომ მაქსიმალურად მეტი შედეგი დადონ. მათი მიზანი საქართველოს რუსეთში დაბრუნებაა, რუსული ინტერესების, რუსული გავლენების გაძლიერება ყველა სფეროში", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.




























