მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ივანიშვილი "ვალების განულებაზე": ეს არავითარ კავშირში არ იყო არჩევნებთან

5cacf8b232b5f
შოთა ტყეშელაშვილი
10.04.19 00:01
855
"სხვათა შორის ვისარგებლებ მომენტით და შევახსენებ მათ, ვინც ამ არჩევნების პროცესში ნაკლად ჩაგვიწერეს, რომ 600,000 ადამიანს ავუნაზღაურეთ, ეს დაიწყო მაშინ და არავითარ კავშირში არ იყო ამომრჩეველთან,"- განაცხადა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია "იმედთან" ინტერვიუში. 

ივანიშვილის თქმით, მისთვის ტრაგედიას წარმოადგენდა იმის შეტყობა, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში მოსახლეობის გარკვეული ნაწილის ყოფა გაუარესდა.

ექსპრემიერი ამბობს, რომ UNICEF-ის კვლევამ მას საფინანსო სექტორში რეგულაციების აუცილებლობა დაანახა. ბიძინა ივანიშვილმა თქვა ისიც, რომ მისი შეფასებით, ე.წ. "ვალების განულების" პროგრამამ ათასობით ადამიანი დაუბრუნა "ზომიერ ცხოვრებას".

"ნებისმიერი წარუმატებლობა რომ ვნახო, იქნება ტრაგიკული. მე პირადად ამით არ ვიამაყებდი. თუ გაიხსენებთ თქვენ კვირიკაშვილთან ჩემი ძირითადი უკმაყოფილება UNICEF-ის გამოქვეყნებული კვლევა იყო. მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, ღარიბი ნაწილი კიდევ უფრო გაღარიბდა, იმიტომ რომ ხელისუფლებამ თავის დროზე ვერ მიიღო რაღაც რეგლამენტაციები. ამასთან ერთად, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მინიშნებული და მითითებული იყო, რომ რეგლამენტები შემოსაღები იყო და აი, ეს იყო ჩვენი ასე ვთქვათ განხეთქილების მიზეზი და ეს იყო ტრაგიკული, როდესაც გავიგე, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში მოსახლეობის გარკვეული ნაწილის ყოფა გაუარესდა, ტრაგიკული იყო ეს. 

გახსოვთ მაშინდელი რეაგირებაც, კონფლიქტი პრემიერთან ამ ფონზე, ჩემი განცხადებებიც და სხვათა შორის ვისარგებლებ მომენტით და შევახსენებ მათ, ვინც ამ არჩევნების პროცესში ნაკლად ჩაგვიწერეს რომ 600,000 ადამიანს ავუნაზღაურეთ (ვალის ჩამოწერას გულისხმობს), ეს დაიწყო მაშინ და არავითარ კავშირში არ იყო არჩევნებთან.

როდესაც ჩემ განცხადებაში გავაკეთე, რომ ეს ტრაგიკული იყო პირადად ჩემთვის, და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ წლის ბოლომდე როგორმე ეს გამოვასწოროთ. სამწუხაროდ, ეს ხელისუფლების მხრიდან ბოლომდე არ მოხერხდა და დასჭირდა ამას “ქართუ ფონდის” ჩარევა, მაგრამ ჩვენ 600,000 ადამიანი მოვახერხეთ და დავუბრუნეთ ზომიერ ცოხვრებას. ისინი გათიშული იყვნენ ეკონომიკური ცხოვრებიდან. შავ სიაში იყვნენ 600,000 მოქალაქე,"- განაცხადა ივანიშვილმა. 

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ ბიძინა ივანიშვილის კუთვნილმა “ფონდმა ქართუმ” 2000 ლარამდე ვადაგადაცილებული სესხების ჩამოწერის დაპირება გასცა. სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებიდან 2018 წლის 31 დეკემბრამდე ფონდმა საქართველოს პრაქტიკულად ყველა საფინანსო დაწესებულებასთან დადო გარიგება და მათში არსებული ვადაგადაცილებული სესხების პორტფელი იყიდა. 

პროექტის დასრულებიდან სამი თვის შემდეგაც არ იცის საზოგადოებამ თუ ზუსტად რამდენი მილიონი დახარჯა “ქართუმ” ამ პროექტზე. საჯაროდ მხოლოდ 100 მილიონი ლარი დასახელდა, რაც ფონდმა პროგრამის დაწყებამდე დაარეზერვა. ასევე, უცნობია თუ რა ნაწილი იყო ჩამოწერილ ვალებში ძირი თანხა და რა დარიცხული ჯარიმა/საურავები. ვებ გვერდ vali.ge-ის მონაცემებით, სულ 615,164 ფიზიკური პირის 1,387,296 ერთეული სესხი განულდა, ჩამოწერილი თანხა კი, 4,104,429,484 ლარს შეადგენს. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები