თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი „ივანიშვილის მეორე ფაბრიკაციას“ უწოდებს, მის წინააღმდეგ მეორე სამართლებრივ დავას, რომელიც „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა მის წინააღმდეგ აღძრა. ამის შესახებ მან სასამართლოში პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
საქართველოს პროკურატურამ თანაინვესტირების ფონდის ყოფილ გენერალურ დირექტორს გიორგი ბაჩიაშვილს, სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.
გიორგი ბაჩიაშვილი აცხადებს, რომ მისთვის ეს არც სიახლე და არც მოულოდნელობა არ იყო.
„ეს მეორე ფაბრიკაციაა უკვე, რომელიც, სხვათა შორის, ივანიშვილმა თავის ჩვენებისას სასამართლოში დამიანონსა, რომ იქნებოდა დამატებითი სისხლის სამართლის დევნა. ჩემთვის ეს არ იყო არც სიახლე და არც მოულოდნელობა.
ის იქ მხოლოდ და მხოლოდ ამბობს იმას, რომ მტკვარი ჰესის ბიუჯეტი გაიზარდა, შესაბამისად, ალბათ ბაჩიაშვილმა მოიპარა ფული. მეტი არც მტკიცებულება და არც რამე მიმანიშნებელი დოკუმენტი საქმეში არაფერი იდო. მე როგორც დირექტორს რომ მნდომებოდა რაიმე უკანონობის ჩადენა, არ მქონდა უფლებამოსილება ჩემი ხელმოწერით დამევალებინა პირადად მტკვარი ჰესისთვის ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღება.
ვინაიდან ბიტკოინების საქმე უპერსპექტივოა და სტრასბურგში ბიძინა ივანიშვილისთვის კრახით დასრულდება, ალბათ მათ აირჩიეს სტრატეგია, რომ მეორე საქმე უფრო კარგად შეკერონ და ამ საქმეზე აიღონ აქცენტი“, - განაცხადა ბაჩიაშვილმა.
მისი ადვოკატი ლევან მახარაშვილი კი აცხადებს, რომ მტკვარი ჰესის ეპიზოდში გიორგი ბაჩიაშვილის ბრალეულობა არ იკვეთება.
„ვიცნობ კონკრეტულ მასალებს და ასევე ჩემი ინიციატივით დაკითხული იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოწმე მტკვარი ჰესთან დაკავშირებით და ვერც ერთ ეპიზოდში. ვერც ერთ საკითხში გიორგი ბაჩიაშვილის არათუ ბრალეულობა, არამედ გადაცდომაც არ დგინდებოდა“, - აცხადებს მახარაშვილი.




























