„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ თანაავტორობით ჩატარებული საერთაშორისო ჟურნალისტური გამოძიების შედეგად აღმოჩენილია ივანიშვილების ოჯახის მოსკოვში მდებარე რეზიდენციები და მიწის ნაკვეთები.
ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული გამოძიების თანახმად, საუბარია მოსკოვის ორ პრესტიჟულ რაიონში, სოკოლსა და ოდინცოვოში (დასახლება იზმალკოვო), მდებარე 2 კერძო საცხოვრებელ სახლზე (795.6 და 614.5 კვ.მ.), რომელთაგან ერთ-ერთს ესაზღვრება 9 მომიჯნავე მიწის ნაკვეთისგან შემდგარი 52,749 კვ.მ ფართობის ეზო, მათზე არსებული 3 გარაჟითა და 9 დამხმარე ნაგებობით.
აღმოჩენილი ქონების სავარაუდო საბაზრო ღირებულება მინიმუმ 14.7 მლნ დოლარია.
ივანიშვილების ოჯახი ერთ-ერთ რეზიდენციას თვეში დაახლოებით 9,000 დოლარად (დაახლოებით 800,000 რუბლი) აქირავებს და ამ გზით შემოსავალს იღებს; ხოლო თანხების განკარგვისთვის გამოყენებულია აშშ-ის მიერ სანქცირებული 2 რუსული ბანკი, "ვითიბი ბანკი" და "სბერბანკი".
ქონებები რეგისტრირებულია ბიძინა ივანიშვილის მეუღლის, ეკატერინე ხვედელიძის, მისი შვილის, უტა ივანიშვილისა და რუსული კომპანია შპს „აკვა-სფეისის“ სახელზე. ამ უკანასკნელს ბიძინა ივანიშვილი ოფშორული კომპანიის საშუალებით ფლობს.
მოსკოვური ქონების ნაწილი ბიძინა ივანიშვილს 2013 წელს პრემიერის რანგში შევსებულ ერთადერთ დეკლარაციაში ნახსენები აქვს. თუმცა, ქონების უდიდესი ნაწილის შეძენა და რეგისტრაცია ეკატერინე ხვედელიძის სახელზე ბოლო წლებში 2021 და 2024 წელს, სულ რამდენიმე თვის წინ, მოხდა. ამასთან, ახლად რეგისტრირებული ქონებიდან ნაწილს მანამდე ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი ფლობდა.
ივანიშვილების ოჯახის სოკოლის რეზიდენციის მოვლასა და გაქირავებას უზრუნველყოფს შპს „აკვა-სფეისი“. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ჯერ კიდევ 2022 წელს აღმოაჩინა, რომ ბიძინა ივანიშვილი ოფშორული კომპანიის საშუალებით რუსეთში ბიზნესს, შპს „აკვა სფეისს“, ინარჩუნებდა. თუმცა, მაშინ არ იყო ცნობილი რას საქმიანობდა ეს კომპანია. გამოძიების შედეგად გაირკვა, რომ ამ კომპანიის ერთ-ერთი ფუნქცია სწორედ ივანიშვილების სოკოლის რეზიდენციის მოვლა და გაქირავებაა.
ამჟამად ივანიშვილების ოჯახს სახლი გაქირავებული აქვს ცნობილ რუს რეჟისორ ანდრეი პერშინზე (ფსევდონიმით ჟორა კრიჟოვნიკოვი), საიდანაც ყოველ თვე 9,000 აშშ დოლარის შემოსავალს იღებს. ამ შემოსავლის უმეტეს ნაწილს შპს „აკვა-სფეისი“ ურიცხავს პირადად ეკატერინე ხვედელიძეს. ამ გზით, ეკატერინე ხვედელიძემ 2022 წლის სექტემბრის შემდეგ დაახლოებით 94,000 აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო.
თავის მხრივ, შპს „აკვა-სფეისმა“ 2023 წელს ჯამში 71 მილიონი რუბლის (დაახლოებით $800,000) წმინდა მოგება ნახა. ქირიდან მიღებული შემოსავლის გარდა, კომპანია იღებს პროცენტს მის მიერ "სბერბანკში" ყოველთვიურად მრავალმილიონიანი (რუბლი) მოკლევადიანი დეპოზიტების განთავსებით.
აღსანიშნავია, რომ როგორც ბიძინა ივანიშვილის კომპანიას შპს „აკვა-სფეისს“, ისე ეკატერინე ხვედელიძეს საბანკო ანგარიშები აშშ-სა და ევროკავშირის მიერ სანქცირებულ რუსულ ბანკებში აქვთ. ხვედელიძეს ანგარიში ვითიბი ბანკში აქვს, ხოლო შპს „აკვა-სფეისს“ – სბერბანკში.