დღეს ევროპარლამენტმა 436 ხმით 145-ის წინააღმდეგ საქართველოზე კრიტიკულ რეზოლუციას დაუჭირა მხარი.
დოკუმენტში შეფასებულია ქვეყანაში დემოკრატიის მდგომარეობა, ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი და მოწოდებაა დემოკრატიულ უკუსვლაზე პასუხისმგებელი პირების სანქცირების მათ შორის, "ქართული ოცნების" დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის.
კერძოდ, სანქციების ნაწილში ანგარიშში წერია, რომ ივანიშვილის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს პერსონალური სანქციები და ასევე უნდა დასანქცირდნენ მისი ოჯახის წევრებიც.
"კვლავ მოვუწოდებთ ევროკავშირსა და მის წევრ ქვეყნებს, დაუყოვნებლივ დააწესონ მიზანმიმართული პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და მისი კომპანიების წინააღმდეგ. ასევე მოუწოდებთ ევროკავშირს, გაყინოს მისი აქტივები და ამ საკითხზე ითანამშრომლოს სხვა იურისდიქციებთან, განსაკუთრებით გაერთიანებულ სამეფოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან".
ამას გარდა, ანგარიშით ევროპარლამენტი ევროკავშირსა და წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს, რომ პერსონალური სანქციები დაუწესონ „ქართული ოცნების“ ლიდერებს, მოსამართლეებს, პროკურორებსა და იმ სხვა ოფიციალურ პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლაზე, არჩევნების გაყალბებაზე, ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე, პოლიტიკური ოპონენტებისა და აქტივისტების დევნაზე.
ევროკომისიის მხრიდან სანქციების ყველა მცდელობა საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ უნგრეთის მთავრობის მიერ იბლოკებოდა. ამიტომ ევროპარლამენტი მოუწოდებს უნგრეთის ახალ მთავრობას, გააუქმოს ყოფილი პრემიერის ვიქტორ ორბანის მიერ დაწესებული ბლოკადა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებზე.
ანგარიშში ასევე მოხვდა პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილიც. დოკუმენტში წერია, რომ მისი მხრიდან ბრალის აღიარებისა და კორუფციის დამადასტურებელი სანდო საჯარო მტკიცებულებების არსებობის მიუხედავად, ყოფილი პრემიერ-მინისტრის პატიმრობა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს იმასთან დაკავშირებით, აკმაყოფილებდა თუ არა სამართალწარმოება სამართლიანი სასამართლოს სტანდარტებს.
დოკუმენტში ასევე საუბარია ყულევის პორტზეც. ევროპარლამენტი მოითხოვს პორტის სანქციების სიაში ხელახლა ჩასმას თუ ქართული მხარე და ოპერატორი კომპანია სასანქციო ვალდებულებებს არ შეასრულებენ.
ყულევის ნავთობტერმინალი არ მოხვდა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტში საქართველოს ხელისუფლებისა და ტერმინალის ოპერატორის მიერ აღებული იმ ვალდებულებების საფუძველზე, რომ ისინი მკაცრად დაიცავდნენ ევროკავშირის სანქციებს; მოითხოვს მის შეტანას მომავალ სასანქციო პაკეტებში, თუ საქართველოს ხელისუფლება და ტერმინალის ოპერატორები მკაცრად არ დაიცავენ ევროკავშირის სანქციებს; მოუწოდებს ევროკავშირსა და საერთაშორისო პარტნიორებს შორის გაძლიერებული თანამშრომლობისკენ შემზღუდავი ზომების სრულად აღსრულების უზრუნველსაყოფად
"უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე სრული პასუხისმგებლობა "ქართულ ოცნებას" ეკისრება":
მიმდინარე წლის მარტში ევროკომისიამ განაცხადა, რომ ქვეყანაში დემოკრატიის კუთხით შემაშფოთებელი ვითარების გამო, დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებისთვის 2027 წლის მარტამდე აჩერებს უვიზო მიმოსვლას. ევროპარლამენტი მიესალმება ევროკომისიის ამ გადაწყვეტილებას და აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უმოქმედობის გაგრძელებამ შესაძლოა, გამოიწვიოს უვიზო რეჟიმის შეჩერება მთელი მოსახლეობისთვის, რაზეც სრული პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება.
"ეს წარმოადგენს ფუნდამენტური ღირებულებების დამრღვევი „ქართული ოცნების“ რეჟიმის ქმედებების პირდაპირ შედეგს. [ევროპარლამენტი] მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს, ჩაატარონ საფუძვლიანი შემოწმება ვიზის მაძიებლებთან გასაუბრებისა და მათგან დამადასტურებელი დოკუმენტების მოთხოვნის გზით და უარი განაცხადონ ვიზების გაცემაზე, თუ გაჩნდება რაიმე ეჭვი მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის სანდოობასთან დაკავშირებით.
ევროპარლამენტი ასევე გამოხატავს სინანულს იმის გამო, რომ უნგრეთისა და სლოვაკეთის მთავრობების წინააღმდეგობის გამო ვერ მოხერხდა ევროკავშირის მასშტაბით სავიზო აკრძალვების დაწესება იმ ქართველი თანამდებობის პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების დარღვევებზე, დემოკრატიულ უკუსვლასა და რეპრესიებზე. ევროპარლამენტი აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უმოქმედობის გაგრძელებამ შესაძლოა გამოიწვიოს უვიზო მიმოსვლის შეჩერება მთელი მოსახლეობისთვის, რაზეც სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება „ქართულ ოცნებას“, - ვკითხულობთ დოკუმენტში.




























