"პარაგრაფ თბილისმა" 2024 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. თბილისში, თავისუფლების მოედანზე მდებარე სასტუმრო 2023 წელს გაიხსნა და მას 220 ნომერი აქვს. სასტუმრო ბიძინა ივანიშვილისა და ეკატერინე ხვედელიძის მიერ დაფუძნებულ "ტურიზმის განვითარების ფონდს" ეკუთვნის.
სასტუმროს შემოსავალი 2024 წელს 27 მილიონ ლარს შეადგენდა, თუმცა მიღებული შემოსავლები არ აღმოჩნდა საკმარისი საოპერაციო ხარჯების დასაფარად, რის გამოც სასტუმროს 2024 წელს 13 მილიონი ლარის ზარალი ჰქონდა.
კომპანიის შემოსავლები სეგმენტების მიხედვით ასე ნაწილდება:
- ამონაგები სასტუმროს ნომრებიდან - 14.2 მილიონი ლარი;
- ამონაგები საკვების გაყიდვიდან - 6.6 მილიონი ლარი;
- ამონაგები სასმელების გაყიდვიდან - 2.5 მილიონი ლარი;
- ამონაგები სპა და გამაჯანსაღებელი კლუბიდან - 1.6 მილიონი ლარი;
- ამონაგები სხვა სეგმენტებიდან - 2 მილიონი ლარი.
რაც შეეხება კომპანიის ძირითად ხარჯებს - ხელფასები 10.7 მილიონი ლარი იყო; მარაგების ღირებულება ასევე 10.7 მილიონი ლარი; საიჯარო ხარჯები 5.4 მილიონი ლარი (იჯარის გადახდა ხდება დაკავშირებული კომპანიის "თბილისი სითის" მიმართ); 3 მილიონი ლარი იყო კომუნალური ხარჯები, ხოლო Marriot-ის ბრენდის ფრენშიზის საფასური 941 ათას ლარს შეადგენდა.
თავად სასტუმრო კომპლექსის აქტივები 334 მილიონ ლარს შეადგენს, ვალდებულებები კი 67 მილიონი ლარია.




























