მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ივანიშვილმა ლონდონის სასამართლოში გაიმარჯვა - UBS-მა $607 მილიონის კომპენსაცია უნდა გადაიხადოს

ბიძინა ივანიშვილი

ლონდონის სასამართლოს, Privy Council-მა რომელიც გაერთიანებული სამეფოს ზღვისიქითა ტერიტორიების (ბერმუდა, კაიმანის კუნძულები და სხვა) უმაღლესი სააპელაციო ორგანოა დღეს გამოტანილი განაჩენით ძალაში დატოვა წინა ინსტანციის ბერმუდის სასამართლოს მიერ კიდევ 2022 წლის ივნისში გამოტანილი განაჩენი, რომლითაც UBS/Credit Suisse-ს ბიძინა ივანიშვილისთვის 607 მილიონი დოლარის კომპენსაციის გადახდა დაევალა. აღნიშნული განაჩენი UBS/Credit Suisse-მა 2024 წელს Privy Council-ში გაასაჩივრა, რასთან დაკავშირებითაც საბოლოო განაჩენი სასამართლომ დღეს გამოიტანა.

Credit Suisse-მა ასევე წააგო მრავალწლიანი დავა სინგაპურშიც, სადაც საბოლოო განაჩენით ივანიშვილის სასარგებლოდ 461 მილიონი დოლარის კომპენსაციის გადახდა დაეკისრა.

ამასთან, მნიშვნელოვანია გარემოება, რომ აშშ-ს მიერ ივანიშვილისთვის 2024 წლის 27 დეკემბერს დაკისრებულ ფინანსურ სანქციებში აღნიშნულია, რომ ივანიშვილს აშშ-ს შესაბამისი ნებართვის გარეშე შეზღუდული აქვს სინგაპურში მოგებული დავიდან კომპენსაციის მიღება (საუბარია 461 მილიონ დოლარზე), თუმცა ამ სანქციების დოკუმენტში არაფერია ნათქვამი ბერმუდის კუნძულებზე (და ახლა უკვე ბრიტანეთის Privy Council-ში) მიმდინარე სამართლებრივი დავის შესახებ, რომლის ფარგლებშიც დაკისრებული კომპენსაცია (ბერმუდის სასამართლოს გადაწყვეტილებით) 607 მილიონ დოლარს შეადგენს. შესაბამისად, ჯერჯერობით უცნობია მოხდება თუ არა აღნიშნული კომპენსაციის ფაქტობრივი ანაზღაურება.

დავა Credit Suisse-სთან ბერმუდის კუნძულებზე - ისტორია:

სასამართლო დავა ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის წევრების სახელზე განხორციელებულ პირად სადაზღვევო შენატანებს ეხება. სასამართლო მასალებში აღნიშნულია, რომ ივანიშვილმა ბერმუდის კუნძულებზე, Credit Suisse Life-ის ოფისს 2011 და 2012 წლებში დადებული ხელშეკრულებით, $750 მილიონის მოცულობის დეპოზიტი მიანდო. ეს შენატანი “სადაზღვევო პრემიის” სახეს ატარებდა და მის ინვესტირებასა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი თავად შვეიცარიული ბანკი იყო.

2015 წელს კი, ბიძინა ივანიშვილმა აღმოაჩინა, რომ ამ სადაზღვევო სქემიდან $400 მილიონი დოლარი გაქრა, რაც Credit Suisse-ში მისი ყოფილი პირადი ბანკირის, პატრიკ ლესკადრონის მიერ განხორციელებულ თაღლითურ ოპერაციებს უკავშირდებოდა. 2017 წელს ივანიშვილის იურისტებმა სარჩელი ბერმუდის კუნძულების სასამართლოში შეიტანეს.

პატრიკ ლესკადრონი სასამართლო განხილვის დაწყებიდანვე აღიარებდა დანაშაულს. მისი თქმით, ივანიშვილის ხელმოწერას 2008 წლიდან მოყოლებული აყალბებდა. ხელმოწერის გაყალბებით აფორმებდა გარიგებებს, რომლებზეც ივანიშვილისგან ავტორიზაცია არ ჰქონდა მიღებული.

Credit Suisse-ის აღმასრულებლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ბანკს წლების განმავლობაში მიმდინარე სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა და რომ თაღლითური სქემის ავტორი მხოლოდ ყოფილი პირადი ბანკირია. თუმცა, ეს პოზიცია არ გაიზიარა არც ბერმუდის სასამართლომ და არც სინგაპურის სასამართლომ, რომლებმაც ბანკს მრავალმილიონიანი კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

2023 წლის მარტში Credit Suisse-ი შვეიცარიულმა ბანკმა UBS-მა შეიძინა, შესაბამისად, ივანიშვილთან დავებს 2023 წლის მარტის შემდგომ Credit Suisse-ის ადგილმონაცვლე UBS-ი აგრძელებდა, თუმცა ბანკმა როგორც სინგაპურის, ასევე ბერმუდის და შემდგომ გაერთიანებული სამეფოს იურისდიქციებში წააგო.

ამასთან, ბანკს უკვე განთავსებული აქვს დაკისრებული კომპენსაციის ფარგლებში ასანაზღაურებელი თანხა სარგებლიან ესქროუ ანგარიშზე და მისი ივანიშვილისთვის გადაცემა მხოლოდ საბოლოო განაჩენის მიღებაზე იყო დამოკიდებული. თუმცა, ამ მხრივ არსებობს აშშ-ის მიერ გამოცემული 2024 წლის 27 დეკემბრის სანქცირების გადაწყვეტილება, სადაც უშუალოდ სინგაპურის განაჩენით გათვალისწინებული თანხის ივანიშვილისთვის გადაცემა აშშ-ის ნებართვაზე არის დამოკიდებული. თუმცა, აღნიშნულ სანქცირების დოკუმენტში ბერმუდის კუნძულებზე გამოტანილი განაჩენით გადასახდელი კომპენსაციის შესახებ მითითება გაკეთებული არაა, შესაბამისად უცნობია ექვემდებარება თუ არა ამ თანხის ივანიშვილისთვის ანაზღაურება აშშ-ის ხაზინის ნებართვას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები