პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს მიაჩნია, რომ მამუკა ხაზარაძის ბიზნეს ჯგუფი უტევს ხელისუფლებას, ვიდრე ხელისუფლება - მათ.
ამის შესახებ მან ე.წ. „ხაზარაძის საქმეზე“ საუბრისას „იმედთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ივანიშვილი ფიქრობს, რომ ორკესტრირებული შეტევა „ქართუ ბანკის“ მიმართ იყო.
„ორკესტრირებული შეტევა არისო „TBC ბანკზე“, გავახსენებ საზოგადოებას ორკესტრირებული შეტევა იყო „ქართუ ბანკის“ მიმართ 2011 წელს. დღევანდელი გადმოსახედიდან, რაც ხდება „თიბისი ბანკის“ მიმართ და მამუკა ხაზარაძის ირგვლივ, პირიქით მიმაჩნია, რომ ისინი უტევენ ხელისუფლებას, ვიდრე ხელისუფლება - მათ. ზოგადად, რაც შეეხება განვითარებულ მოვლენებს - პროცესი დასრულებულია ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ღირსეული ნაბიჯები გააკეთა. მან ეს ყველაფერი დაამტკიცა პარლამენტში, დაამტკიცა საჯაროდაც, ლონდონშიც იყო საჩივრები იქაც შესატყვისი რეაქციები გაკეთდა და ეს ორი პიროვნება გამოყვანილია სამეთვალყურეო საბჭოდან. ბანკმა ჯარიმაც გადაიხადა და კითხვები აღარ არის, თუმცა არ ცხრებიან ოპონენტები“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, მას ამ საქმეზე კითხვები არ აქვს.
„კითხვები ძირითადად ჩემ მიმართ არის. მე კითხვები არ მაქვს და ჩემთვის ყველაფერი გასაგებია,“ - აღნიშნა ივანიშვილმა.

























