მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ივერი ქუცნაშვილი ინფრასტრუქტურული პროექტების გადავადებას მთავრობის არარეალისტური გეგმებით ხსნის

5d09080b2f099
დავით ჯალაღონია
19.06.19 09:00
2523
Basalt Fibers-ის გენერალური დირექტორის ივერი ქუცნაშვილი აზრით, მთავრობამ ინფრასტრუქტურული პროექტები არარეალისტურად დაგეგმა. ამის შესახებ მან მედიასთან აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის დასრულების ვადების არაერთხელ გადადების მიზეზებზე საუბრისას განაცხადა.

"ტემპი (მშენებლობის) არ არის დაბალი. არარეალისტური გეგმები იყო. აქ იგულისხმება ის, რომ როცა გეგმას ადგენ, უნდა იცოდე, რისი რესურსი გაქვს, სამშენებლო კომპანიებს რამდენის აწევა შეუძლიათ, თვითონ შესყიდვების სისტემა როგორი გაქვს. ამ სისტემაში ძალიან ბევრი დაგვიანებებია. ხშირად არის საჭირო საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების თანხმობები ან არათანხმობები, რომელიც დროშია გაწელილი. შესაბამისად, ბევრი მიზეზია.

მიზეზი ხშირად ისიც არის, რომ სამუშაოები ძველი ტექნოლოგიებით ხდება. ძველი ტექნოლოგია კი ნიშნავს უფრო ხანგრძლივს, ძვირს, უხარისხოს. შესაბამისად, ჩვენი შესყიდვების სისტემა, რომელიც 10-15 წლის წინ შეიქმნა, ძველია და შესაცვლელია იმ თვალსაზრისით, რომ უნდა მოერგოს ინოვაციებს, თანამედროვე, მწვანე ეკონომიკის მოთხოვნებს, ანუ ეს არ უნდა იყოს მხოლოდ დეკლარირებული პრიორიტეტი. ეს უნდა იყოს რეალური", - განაცხადა ქუცნაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის მშენებლობის ვადებთან დაკავშირებით გასულ კვირას, პარლამენტში, ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე ფრაქცია "ევროპულმა საქართველომ" გააკრიტიკა.

"დიახ, 2016 წელს პრემიერმა თქვა, რომ 2020 წლამდე მოესწრებოდა 800 კმ გზის დაგება, მაგრამ ვერ მოესწრო. რა ვქნა ახლა?" - ასე უპასუხა ფინანსთა გიორგი კაკაურიძემ "ევროპული საქართველოს" წევრის სერგი კაპანაძის კითხვაზე, სიმართლეს შეესაბამებოდა თუ არა, რომ ყოფილმა პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა ასეთი პირობა დადო.

"800 კილომეტრი გზა რომ უნდა ყოფილიყო 2020 წლამდე, მაგ შემთხვევაში, სხვანაირად უნდა დაგეგმილიყო 2017, 2018 და 2019 წლების ბიუჯეტები. როდესაც 2019 წლის ბიუჯეტი დაიგეგმა, იქ არაერთხელ იქნა განმარტებული, რომ 2020 წელს ეს პროექტები ვერ დასრულდება. მოვიტანეთ კონკრეტული გრაფიკი, როდის შეიძლება პროექტების დასრულება.

2018 წელს ხელშეკრულება გაფორმდა თუნდაც რიკოთის ორ ნაწილზე, ორ ნაწილზე წელს უნდა გაფორმდეს ხელშეკრულება. ოთხწლიანი პროექტი მინიმუმ არის თითოეული მათგანი, ანუ ყველა პროექტის დაწყებიდან ოთხი წელი მინიმუმ დასჭირდება, რომ დასრულდეს", – განაცხადა კაკაურიძემ, რასაც დეპუტატ სერგი კაპანაძის რეპლიკა მოჰყვა.

"მაგას არ ამბობდით 2016 წელს, რომ 4 წელი დასჭირდება და 2020 წელს დამთავრდებაო?", – აღნიშნა კაპანაძემ, რაც თავის მხრივ, გიორგი კაკაურიძემ დაადასტურა.

"2016 წელს საერთოდ არაფერი არსებობდა, პროექტი არ არსებობდა. დიახ, პრემიერმა მაშინ თქვა, რომ 2020 წლამდე მოესწრებაო. ვერ მოესწრო. რა ვქნა ახლა?", – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

ბოლო ინფორმაციით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის მშენებლობის დასრულება 2024 წელს იგეგმება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები