„ალტერნატიულ გზებზე გადავედით, გამოსავალს ვეძებთ და დამატებით რეგულაციებს გვიწესებენ, ეს არასწორია,“ - ამის შესახებ სამშენებლო კომპანია „ივერონის“ დამფუძნებელმა არჩილ ჯაყელმა განაცხადა.
საკითხი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებას უკავშირდება, რომლის მიხედვითაც, თუ შიდა განვადებებს ახალი ტიპის პროდუქტებს სესხის სახე ექნებათ, მაშინ მნიშვნელოვანია, რომ მათზეც გავრცელდეს რეგულირების ის პირობები, რაც დღეს ქვეყანაში არსებობს.
როგორც ჯაყელი განმარტავს, საბანკო რეგულაციების მეტად გამკაცრება დეველოპერულ და სამშენებლო ბაზარზე მონოპოლიების გაძლიერებას გამოიწვევს.
„სამომავლოდ ძლიერი კომპანიები მეტად გაძლიერდება და მცირეებს პრობლემა შეექმნებათ, ვითარება უკვე ამისკენ მიდის. რეგულაციებით ვინ არის კმაყოფილი? არავინ კმაყოფილი არ არის,“ - აღნიშნა არჩილ ჯაყელმა.
რაც შეეხება შიდა განვადებების ამოქმედების საკითხს, „ივერონის“ დამფუძნებელი აცხადებს, რომ კომპანია შიდა განვადებების სისტემაზე 2 წლის წინ გადავიდა.
„განვადების სისტემა 3-დან 5-წლამდე პერიოდში კლიენტთან მოლაპარაკებებით მიმდინარეობს. თავდაპირველად მომხმარებელს თანხა შემოაქვს და შემდგომ დარჩენილ თანხას თვეებზე ვუნაწილებთ.
ფაქტია, რომ საბანკო რეგულაციებმა პრობლემები შექმნა, როგორც ბანკებისთვის ისე კომპანიებისთვის.
ყველაზე მეტად პრობემა მოსახლეობას შეეხო. როგორც სამომხმარებლო ტექნიკაზე, ასევე ბინებზე.“ - განაცხადა ჯაყელმა.
ცნობისთვის, 2019 წლის პირველ კვარტალში 5000 ლარამდე მოცულობის სესხების გაცემა წინა წელთან შედარებით 25.7%-ით ანუ 406 მილიონი ლარით შემცირდა.
ამ ცვლილებაზე საპასუხოდ, ბიზნესი თავად გეგმავს საბანკო ფუნქციების შეთავსებას. დეველოპერული კომპანიები, ასევე ელექტროტექნიკის მაღაზიები ახალი მექანიზმების შექმნას გეგმავენ, რათა მომხმარებლებს საგანვადებო სესხის მსგავსი პროდუქტი შესთავაზონ.

























