საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2023 წლის ივლისის ბოლოსათვის 47.78 მლრდ ლარი შეადგინა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეს 989 მლნ ლარით, ანუ 2.11%-ით მეტია წინა თვის მაჩვენებელზე. ამას გარდა, ივლისში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 436.5 მლნ ლარით, ანუ 2.44%-ით, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 553 მლნ ლარით, ანუ 1.91%-ით გაიზარდა.
დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა ივლისის ბოლოსათვის 49% შეადგინა, რაც 0.13 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.
ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 8.14% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 10.79%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 1.51%. უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში დოლარის წილმა 78.57%, ხოლო ევროს წილმა 19.45% შეადგინა.