ივლისში შიდა მოხმარება წლიურად 6.8%-ით არის გაზრდილი. G&T-ს ინფორმაციით, ზრდის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორები გამანაწილებელი ლიცენზიანტებისა და პირდაპირი მომხმარებლების მიერ გაზრდილი მოხმარება იყო. გამანაწილებელი ლიცენზიანტების მოხმარება ივლისში 5.6%-ით არის გაზრდილი, დიდწილად თბილისის მოხმარების ხარჯზე (+17.5% წ/წ). ენერგო-პროს მომხმარებელთა მიერ გამოყენებული ელექტროენერგიის რაოდენობა თითქმის არ გაზრდილა (+0.7% წ/წ), კახეთის ენერგოდისტრიბუციისა კი შემცირებულია (-3.2% წ/წ). პირდაპირი მომხმარებლების მიერ მოხმარებული ელექტროენერგია წლიურად 12.1%-ით არის გაზრდილი, დიდწილად ჯორჯიან მანგანეზის ხარჯზე (+25.9% წ/წ). აღსანიშნავია, რომ ჯორჯიან მანგანეზის მოხმარება გაზრდილია დაბალი ბაზიდან - 2015 წლის ივლისში მანგანეზის მოხმარება 28.5%-ით იყო შემცირებული. შემცირებულია GWP-ის მოხმარებაც (-3.9% წ/წ). აფხაზეთის რეგიონის მოხმარება ივლისში წლიურად 9.2%-ით გაიზარდა. ზრდა აღინიშნა ივნისშიც (+14.8% წ/წ), 3-თვიანი უარყოფითი ან ნულოვანი ზრდის შემდეგ.
ივლისში ელექტროენერგიის ექსპორტი შემცირებდა წლიურად 22.3%-ით, დიდწილად რუსეთში ექსპორტის გამო, რომელიც შემცირებულია წლიურად 93.7%-ით 4.0 გვტ/სთ-მდე. ელექტროენერგიის ექსპორტი თურქეთის მიმართულებით გაზრდილია 21.9%-ით, 99.0 გვტ/სთ-მდე, რამაც ნაწილობრივ დააკომპენსირა რუსეთის მიმართულებით ექსპორტის ვარდნა. ეს დინამიკა შესაძლებელია აიხსნას რუსეთის ბაზარზე არაკონკურენტუნარიანი ფასებით (2-3 ცენტი კვტ/სთ-ზე) თურქეთის და საქართველოს ბაზრებთან შედარებით. ამასთან, ადგილობრივი მოხმარება გაიზარდა, მაშინ როდესაც ადგილობრივი წარმოება თითქმის უცვლელი იყო. შესაბამისად, მწარმოებლებს სავარაუდოდ ერჩივნათ ელექტროენერგიის გაყიდვა ადგილობრივად ან თურქეთის ბაზარზე. საბოლოო ჯამში, ექსპორტირებული ელექტროენერგიის 76.8% თურქეთში, 3.1% რუსეთში, 17.6% სომხეთში (+5.8% წ/წ), და დარჩენილი უმნიშვნელო რაოდენობა აზერბაიჯანის მიმართულებით გავიდა.
გალტ&თაგარტი

























