2018 წლის ივლისში, ელექტროენერგიის ექსპორტი წლიურად 40.5%-ით შემცირდა და ქსელში მიწოდებული ენერგიის 10.4% შეადგინა. ივლისის თვეში განხორციელებული 132.0 გვტ.სთ ელექტროენერგიის ექსპორტიდან ნახევარზე მეტი (52.2%) განხორციელდა თურქეთის მიმართულებით (-40.5% წ/წ), ხოლო დანარჩენი - რუსეთის (მთლიანი ექსპორტის 33.3%), სომხეთის (მთლიანი ექსპორტის 7.6%) და აზერბაიჯანის (მთლიანი ექსპორტის 6.9%) მიმართულებით გადანაწილდა. ექსპორტის 70% განახორციელა ესკომ რუსეთის, აზერბაიჯანის და თურქეთის მიმართულებებით. 2018 წლის ივლისის თვეში კერძო ექსპორტიორები იყვნენ მხოლოდ სსეკი (სომხეთის მიმართულებით) და საქართველო-ურბან ენერჯი (თურქეთის მიმართულებით).
ივლისის თვეში ელექტროენერგიაზე მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა ჰიდროგენერაციამ.
ჰიდროგენერაცია წლიურად 1.5%-ით გაიზარდა და 1.3 ტვტ.სთ შეადგინა. ზრდას ხელი შეუწყო კარგმა ჰიდროლოგიურმა პირობებმა და ახალი სადგურების დამატებამ. ამასთან ზრდაზე უარყოფითი გავლენა ჰქონდა ზოგიერთ მარეგულირებელ სადგურზე განხორციელებულ სარემონტო სამუშაოებს.
ენგურ-ვარდნილის გამომუშავებამ (+11.2% წ/წ) ივლისში მოხმარებული ელექტროენერგიის 65.9% დააკმაყოფილა. აღსანიშნავია, რომ ენგურ-ვარდნილის გამომუშავებამ 2018 წლის შვიდ თვეში 3.2 ტვტ.სთ-ს მიაღწია (+24.8% წ/წ), რაც 2010 წლის შემდგომ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ივლისში, თბოგენერაციის და იმპორტის წილი ჯამურ მიწოდებაში მხოლოდ 0.7% იყო, რაც მხოლოდ სისტემის სტაბილურობის შესანარჩუნებლად საჭირო ტექნიკური მიზეზებიდან გამომდინარე განხორციელდა.
G&T

























