მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ივლისში საქართველო-გერმანიის ეკონომიკური ფორუმი გაიმართება

574937656fa61
BM.GE
28.05.16 10:10
1668
დიასპორის დღეების ფარგლებში მეორე დიასპორულ-პროფესიული ფორუმი - "გაუზიარე გამოცდილება სამშობლოს“ გაიმართა. ფორუმის შედეგებზე “ბიზნესკონტაქტთან“ საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში გელა დუმბაძე საუბრობს.
 
- ფორუმი როგორ წარიმართა და რა არის მისი ძირითადი საკითხები?

- 27 მაისი საქართველო დიასპორის დღეს აღნიშნავს. ჩვენი ფორუმის გახსნას საქართველოს პატრიარქიც ესწრებოდა. ძალიან ბევრი, 400-ზე მეტი სტუმარი მოვიდა. ერთ-ერთი პანელი იყო დიასპორული მენტორები და საინვესტიციო მექანიზმები ასევე სხვა სამუშაო პანელებია დიასპორა და მედიცინა, დიასპორა და განათლება და ა.შ. აზრთა ურთიერთგაცვლა ასეთი ფორმით მიმდინარეობს. ფორუმის სლოგანია "გაუზიარე გამოცდილება სამშობლოს“ და ამას ჩვენ მეორე წელია, რაც ვაკეთებთ და ვაპირებთ ჩვენს საერთაშორისო დონორებთან და პარტნიორებთან ერთად თანამშრომლობით მომავალშიც გავაგრძელოთ.

- პირველი ფორუმის შედეგები რომ შევაჯამოთ, ამ დროისთვის რა ინვესტიციებია მოზიდული?

- სხვათა შორის სპეციალური ფილმიც კი ვაჩვენეთ ქვეყანაში განხორციელებული დიასპორული ინვესტიციების თაობაზე და რამდენიმე დიასპორის ინვესტორი დავაჯილდოვე. ეს ჩვენი თანამონაწილეობაა წლების განმავლობაში სხვადასხვა სოფლის მეურნეობის სექტორში იქნება განვითარებული, თუ გართობის სფეროში, იგივე სასტუმრო ბიზნესში. მაგალითად, დღეს ჩვენ "ჯინო ფერედაისის" ინვესტორი ნოდარ გიორგაძე დავაჯილდოვეთ, ადამიანი, რომელმაც 28 მილიონი ევროს ინვესტიცია განახორციელა საქართველოში, ასევე გიორგი მჭედლიძე, რომელმაც ნიქოზში სანერგე მეურნეობა გააკეთა, სადაც ნუშის და კაკლის პლანტაციები იქნება და კიდევ სხვა ადამიანები, ვისთანაც ინტენსიურად ვთანამშრომლობთ და საქართველოში ინვესტიციების განხორციელებაში ყოველდღიურ რეჟიმში ვეხმარებით. ასევე დღეს ძალიან საინტერესო ნაწარმოები წარმოვადგინეთ დიასპორული ინვესტორის გზამკვლევი, სადაც უკვე განხორციელებული პროექტები დეტალურად არის განხილული და საინტერესო ნამუშევარია ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც სურვილი აქვს უცხოელი პარტნიორი ჩამოიყვანოს. ყველა რეგულაცია რაც საქართველოში არის, ამ წიგნშია კონკრეტულად და ფართოდ წარმოჩენილი.

- პრემიერმინისტრმა საგარეო საქმეთა სამინისტროს მოუწოდა, რომ ელჩები სხვადასხვა ქვეყნებში ასევე ეკონომიკის ელჩები იყვნენ, რამდენად აქტიურად თანამშრომლობთ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და ამ მიმართულებით თუ გეხმარებიან?

- აბსოლუტურად გვეხმარებიან, ჩვენ ერთიანი სივრცე ვართ. ჩვენ ბრწყინვალე, მრავალწლიანი ტრადიციული ურთიერთობა გვაქვს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და მრავალ მიმართულებაზე დღესაც იყო საუბარი. ერთად ვმუშაობთ ისეთ მნიშვნელოვან პროექტზე, როგორიცაა “ქართული სახლი უცხოეთში“, სადაც ქვეყნის პოტენციალი ფართოდ იქნება წარმოჩენილი.

- რას გულისხმობს პროექტი “ქართული სახლი უცხოეთში“?

- ეს პროექტი მრავალ ქვეყანაში განხორციელდება, სადაც წარმოდგენილი იქნება საინვესტიციო გარემო, ტურისტული და კულტურული პოტენციალები და ეს იქნება სივრცე შეხვედრებისთვის და ჩვენ 12 უწყებასთან ერთად ორი კვირის წინ შეხვედრა მოვაწყვეთ და ეს მუშაობა გრძელდება. შემდეგი სამუშაო შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში იქნება, სადაც ჩვენ გვინდა თანამონაწილეობის უწყებრივი გამართული სწორი ღერძი შევქმნათ.

- რომელ ქვეყნებს გულისხმობთ?

- სადაც საქართველოს სტრატეგიული ინტერესები გააჩნია. ეს არის ევროპის ცენტრალური ქვეყნები, როგორც ბრიუსელი, ასევე სტრასბურგი, ამერიკა, სტამბოლი და სხვა. ეს სამუშაო პროცესშია და ჩვენ ვცდილობთ, ნაყოფიერი გარემო შევქმნათ, რათა ჩვენი ქვეყნის უზარმაზარი პოტენციალი სხვა ქვეყნებს გავაცნოთ.

- რადგან კონკრეტულ პროექტებზე ვსაუბრობთ, კიდევ რა პროექტებია რომ გვითხრათ?

-კვირის დასაწყისში ჩატარდა ორდღიანი ამბასადორიალი ახალგაზრდა ელჩებისთვის. წარმოდგენილი იყო ევროპის და აშშ-ში მოღვაწე ახალგაზრდა საქართველოს ელჩები, რომლებსაც ჩვენ უწყებრივი თანამონაწილეობით ორდღიანი შეხვედრა ჩავუტარეთ. ასევე გამოვყოფდი იმ საინტერესო პროგრამებს, რომლებზეც ჩვენ მუშაობა დაწყებული გვაქვს. ეს არის ირლანდიის მაგალითზე - “დააკავშირე საქართველო“, რომელიც ჩვენი თანამონაწილეობით ინვესტორების ჩამოყვანას და ჩვენი დიასპორელების წახალისებას გულისხმობს, რომ მათ სტიმული ჰქონდეთ. გარდა ამისა, მსოფლიო ბანკთან ვმუშაობთ ისეთ პროგრამებზე, როგორიცაა თანამედროვე ინოვაციური ეკოსისტემები. საქართველოს ბიზნეს ასოციაციასთან ერთად ივლისის თვეში დიდ ქართულ-გერმანულ ეკონომიკურ ფორუმს ვგეგმავთ, რომელზეც 50 კომპანია იქნება ფრანკფურტის მერის მონაწილეობით წარმოდგენილი და ასევ მხარის ტრანსპორტისა და ენერგეტიკის მინისტრების მონაწილეობით.

- და ეს ყველაფერი 2016 წლისთვის იგეგმება?

- რაც ჩამოვთვალე ნაწილი იგეგმება, ნაწილი კი განხორციელების პროცესშია. ბევრ თემაზე მუშაობა ახლაც მიმდინარეობს. ვისარგებლებ შემთხვევით და გეტყვით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი აქტი განხორციელდა - პირველი რესპუბლიკის ბაღში ლევილის შატოს და მამულის საქართველოსთვის გადმოცემის წინასწარ განზრახულობათა დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონიალი გაიმართა, სადაც საქართველოს პირველი რესპუბლიკის ხელმძღვანელთა შთამომავლებმა ხელი მოაწერეს ოფიციალურ დოკუმენტს, რაც ძალიან დიდი იმედია, რომ მამულის საბოლოო დაბრუნება საქართველოსთვის მიმდინარე წლის 20 სექტემბრამდე განხორციელდება და მიხარია, რომ ჩვენი მოლოდინი უფრო გაძლიერდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები