თუ ირანში მიმდინარე ომი ივნისამდე გაგრძელდება, ათობით მილიონი ადამიანი მწვავე შიმშილის წინაშე აღმოჩნდება - ამის შესახებ მსოფლიო სასურსათო პროგრამის (WFP) მიერ სამშაბათს გამოქვეყნებულ ანალიზშია ნათქვამი.
ირანზე აშშ-ისა და ისრაელის 28 თებერვალს დაწყებულმა თავდასხმებმა ჰუმანიტარული დახმარების ძირითადი მარშრუტები გადაკეტა, რის გამოც მსოფლიოს ყველაზე მძიმე კრიზისულ რეგიონებში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ტვირთების მიწოდება ფერხდება.
სურსათზე, ნავთობსა და გადაზიდვებზე ფასების ზრდის გამო, პროგნოზირებულია, რომ მწვავე შიმშილის საფრთხის წინაშე დამატებით 45 მილიონი ადამიანი აღმოჩნდება. შედეგად, მსოფლიო მასშტაბით მოშიმშილეთა საერთო რაოდენობა ამჟამინდელ რეკორდულ მაჩვენებელს - 319 მილიონს გადააჭარბებს.
ამის შესახებ ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე WFP-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, კარლ სკაუმ განაცხადა.
"ეს გლობალური შიმშილის დონეს ისტორიულ მაქსიმუმამდე აიყვანს, რაც საშინელი პერსპექტივაა. ამ ომამდეც ერთგვარ "იდეალურ შტორმში" ვიმყოფებოდით, როდესაც შიმშილი არასდროს ყოფილა ასეთი მწვავე როგორც რაოდენობრივად, ისე სიღრმისეულად", - აღნიშნა სკაუმ.
მისი თქმით, 28 თებერვლიდან გადაზიდვის ხარჯები 18%-ით გაიზარდა, ტვირთების ნაწილის მარშრუტი კი შეიცვალა. ეს დამატებითი ხარჯები WFP-ის ბიუჯეტის ისედაც მკვეთრ შემცირებას ემთხვევა, რადგან დონორები ამჟამად მეტ ყურადღებას თავდაცვას უთმობენ.




























