ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის ივნისში, ქვეყნის მასშტაბით სამართალდარღვევის 72 ფაქტი გამოავლინეს. უწყების ცნობით, მათგან 57 შემთხვევა ხე-ტყის უკანონო მოპოვებასა და ტრანსპორტირებას ეხება.
სააგენტოს ინფორმაციით, ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 39 კუბურ მეტრამდე საშეშე და სამასალე მერქანი, რომელიც უწყების „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა.
კანონდარღვევებიდან 5 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, რის გამოც მასალები შემდგომი მოკვლევის მიზნით საგამოძიებო უწყებებში გადაიგზავნა.
კანონდარღვევების სტატისტიკა რეგიონების მიხედვით
ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტები რეგიონებში შემდეგნაირად გადანაწილდა:
- სამცხე-ჯავახეთი - 15 ფაქტი;
- მცხეთა-მთიანეთი - 12 ფაქტი;
- ქვემო ქართლი - 10 ფაქტი;
- იმერეთი - 8 ფაქტი;
- სამეგრელო-ზემო სვანეთი - 8 ფაქტი;
- კახეთი - 8 ფაქტი;
- გურია - 5 ფაქტი;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3 ფაქტი;
- შიდა ქართლი - 3 ფაქტი.
ხე-ტყის უკანონო მოპოვების გარდა, ივნისში სახელმწიფო ტყის თვითნებურად დაკავების 14 ფაქტი გამოვლინდა იმერეთის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში. გარდა ამისა, მცხეთა-მთიანეთში გამოავლინეს 1 დაურეგისტრირებელი სახერხი საამქროც.
ეროვნული სატყეო სააგენტოს მონაცემებით, წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით ხე-ტყის უკანონო მოპოვების სულ 391 ფაქტია გამოვლენილი.




























