2025 წლის ივნისში, "თიბისი ბანკის" არხებით, მომხმარებლებმა მეტი უნაღდო დანახარჯი გასწიეს, ვიდრე 2024 წლის ივნისში. TBC Capital-ის ინფორმაციით, ივნისში უნაღდო დანახარჯები წლიურად 19%-ით გაიზარდა.
ორგანიზაციის ინფორმაციითვე, დასვენების სექტორში, კერძოდ კი სასტუმროებში მომხმარებლების დანახარჯები გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 20%-ით გაიზარდა, რაც არარეზიდენტების გაზრდილი დანახარჯებით იყო განპირობებული. სასტუმროებში არარეზიდენტების საშუალო დანახარჯი დაახლოებით 4-ჯერ აღემატებოდა რეზიდენტების საშუალო დანახარჯს. ივნისში, თიბისი ბანკის არხებით, სასტუმროებში უნაღდო დანახარჯებში 20%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ერთ ტრანზაქციაზე საშუალო დანახარჯმა 401 ლარი შეადგინა.
რესტორნებში არარეზიდენტი მომხმარებლების უნაღდო დანახარჯები წლიურად 37%-ით
გაიზარდა. რაც შეეხება რესტორნებში საშუალო დანახარჯს, ეს მაჩვენებელი არარეზიდენტების შემთხვევაში 112 ლარს გაუტოლდა. რეზიდენტების უნაღდო დანახარჯებში, თიბისი ბანკის არხებით, წლიური 38%-იანი ზრდა დაფიქსირდა და საშუალო დანახარჯი 26 ლარს გაუტოლდა.
2025 წლის ივნისში, თიბისი ბანკის არხებით, ტანსაცმელსა და აქსესუარებზე რეზიდენტების უნაღდო დანახარჯები წლიურად 11%-ით გაიზარდა. საშუალო დანახარჯი ერთ ტრანზაქციაზე 94 ლარს გაუტოლდა. ამავე პერიოდში, არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯებში ტანსაცმელსა და აქსესუარებზე წლიურ ჭრილში 32%-იანი ზრდა დაფიქსირდა. საშუალო ტრანზაქციის ზომამ 197 ლარი შეადგინა.




























