მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"იწის წყალს" $1 მლნ-ის პროდუქცია რუსეთში ვეღარ გააქვს

5e7247528a3f1
ანი ციხისთავი
18.03.20 23:00
977
“ძალიან ცუდი მდგომარეობაა ჩემთვის. 10-დან 20 მარტამდე უნდა ჩამოსულიყვნენ რუსეთიდან პარტნიორები, თუმცა, მსოფლიოში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ვერ მოხერხდა, შესაბამისად, ამ ეტაპზე წყალი ექსპორტზე ვერ გაგვაქვს”,- ამის შესახებ BM.GE-ის კომპანია “იწის წყლის” ხელმძღვანელმა ვლადიმერ გურგენიძემ განუცხადა.

გურგენიძის თქმით, რუსულ კომპანიასთან “იწის წყალს” ორწლიანი კონტრაქტი აქვს გაფორმებული. ამის მიუხედავად, არ იცის რამდენად მოხერხდება ექსპორტი.

“კონტრაქტი გაფორმებული გვაქვს - $1 მლნ-ის პროდუქცია 2 წლის ჭრილში, თუმცა, რადგან ფორსმაჟორული სიტუაციაა, ნებისმიერ წამს შეუძლიათ, კონტრაქტი შეწყვიტონ”,- აღნიშნავს გურგენიძე.

მისივე თქმით, პარტნიორები ამ ეტაპზე გამუდმებით ინტერესდებიან საქართველოში არსებული მდგომარეობით.

“როგორც ჩანს, არც რუსეთშია კარგი სიტუაცია. ჩემი პარტნიორების თქმით, მათთან ბევრად უფრო ცუდი მდგომარეობაა, ვიდრე ოფიციალური მონაცემებით ჩანს. ამიტომ არ ვიცი, რა მოხდება”,- აცხადებს ვლადიმერ გურგენიძე.

“იწის წყლის” ხელმძღვანელის თქმითვე, კომპანიაში იმედოვნებენ, რომ აპრილის შუა რიცხვებისთვის რაიმე სიახლე იქნება და პროდუქციის ექსპორტზე გატანას მაინც შეძლებენ.

შეგახსენებთ, კომპანია "იწის წყალმა" პროდუქციის წარმოება 2018 წლიდან დაიწყო. კომპანიის საწარმო "აწარმოე საქართველოში" სახელმწიფო პროგრამის მხარდაჭერით შეიქმნა და დღეისათვის 15 ადამიანს ასაქმებს.

კომპანია პროდუქციას ამ ეტაპზე ამბროლაურის რაიონის მაღაზიებსა და თბილისის რესტორნებში ყიდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები