საქართველოში ღვინის საერთაშორისო კონკურსი International Wine & Spirit Competition (IWSC) ჩატარდება - ამის შესახებ კონკურსის ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი.
ზაფხულში, სამხრეთ აფრიკასა და კონელიანო-ვალდობიადენეში წარმატებულად ჩატარებული კონკურსების შემდეგ, IWSC-ი ჯილდოს მოსაპოვებლად ქართველ მწარმოებლებს იწვევს.
კონკურსი ხუთშაბათს, 13 ოქტომბერს ჩატარდება. გამარჯვებულების ვინაობა კი, პარტნიორ ღონისძიებაზე, „გურჯაანის ღვინის ფესტივალიზე“ 15 ოქტომბერს გახდება ცნობილი.
კონკურსის ჟიურის ბრიტანელი ღვინის მაგისტრი სარა ებოტი უხელმძღვანელებს.
„მედალოსანი ღვინო წინ გადადგმული ნაბიჯია ნებისმიერი ქართველი მეღვინესთვის, რომელიც ცდილობს, ინგლისისა და მსოფლიოს მასშტაბით გაყიდვები გაზარდოს.
ღვინის შეძენისას პროფესიონალი ღვინის შემსყიდველები მედალს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. მითუმეტეს მაშინ, როდესაც საქმე ეხება ისეთ განვითარებად ქვეყანას, როგორიც საქართველოა. მეღვინეებისთვის საერთაშორისო ჯილდოს მისაღებად საზღვარგარეთ ნიმუშების ტრანსპორტირება და გაგზავნის პროცედურები, რთული ბარიერია. ქვეყნის ფარგლებში საერთაშორისოდ აღიარებულ კონკურსში მონაწილეობის მიღება უპრეცენდენტო შანსია ქართველი მწარმოებლებისთვის. გარდა ამისა, შესანიშნავი შესაძლებლობაა ისიც, რომ ცნობილი და გამორჩეული ბრიტანელი ექსპერტები ქართველ მეღვინეებს გამოცდილებას გაუზიარებენ,“ - აცხადებს სარა ებოტი.
კონკურსში წარმოდგენილ ღვინის ნიმუშებს საერთაშორისო და ადგილობრივი ჟიური შეაფასებს. მათ შორის, ღვინის ექსპერტები მეგან კლარკი და მეგი მაკპერსონი, უფროსი სომელიეები სალვატორე კასტანო და სედარ ბალკაია, ასევე, ქართველი ექსპერტები გიორგი დაქიშვილი და ანა გოდაბრელიძე.
მონაწილეობის მისაღებად სრული ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია IWSC-ის ვებგვერდზე. რეგისტრაციისა და განცხადებების მიღების ბოლო თარიღია 7 ოქტომბერი.
ცნობისთვის, IWSC-ი ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო საზოგადოებაა, რომელიც ორიენტირებულია ადამიანებსა და გამოცდილებაზე. მათი მისიაა, მსოფლიოს საუკეთესო ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების გამორჩევა, პარტნიორების საჭიროებებისადმი პერსონალური მიდგომებით. IWSC ყოვლისმომცველ ბიზნეს მხარდაჭერას სთავაზობს მსოფლიო დონის ექსპერტებით შემდგარი ქსელის მეშვეობით.
"ჩვენ არა მხოლოდ ვაჯილდოებთ საუკეთესოებს, არამედ ვეძებთ აღმოუჩენელ ტალანტებს და ვეხმარებით დიდ თუ მცირე პარტნიორებს, მიაღწიონ ამბიციურ მიზნებსა და გეგმებს.
კონკურსი დაარსდა 1969 წელს, ავსტრიელი ღვინის ქიმიკოსის, ანტონ მასელის მიერ. ჩვენ ვამაყობთ, რომ გვაქვს 50 წელზე მეტი გამოცდილება საუკეთესო ღვინოებისა და ალკოჰოლური სასმელების შეფასებასა და აღიარებაში. ჩვენი სტანდარტები, დეტალების მიმართ ყურადღება და მსოფლიო დონის გამოცდილება გამოგვარჩევს პარტნიორების, მწარმოებლების, დისტრიბუტორების, ინფლუენსერებისა და ექსპერტების თვალში", - აცხადებენ IWSC-ში.