მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“იყავი პირველი” - როგორ ეხმარება კომპანია 10xSEO ბიზნესებს ციფრულ დომინაციაში

10xSEO

2025 წელი ციფრული მარკეტინგის სამყაროში გარდამტეხი ცვლილებებით გამოირჩეოდა. ხელოვნური ინტელექტის ბუმმა და საძიებო სისტემების ტრანსფორმაციამ კომპანიებს ახალი გამოწვევები და შესაძლებლობები გაუჩინა. რა როლს თამაშობს დღეს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის წარმატებაში და როგორ ეხმარებათ კომპანიებს SEO სააგენტოები ციფრული არხების ოპტიმიზაციაში? - ამ საკითხებზე კომპანია 10xSEO-ს დამფუძნებელს, დავით წილოსანს ვესაუბრეთ.

- რას საქმიანობს 10xSEO და ძირითადად რა ტიპის ბიზნესებთან თანამშრომლობთ?

- 10xSEO - SEO სააგენტოა, რომელიც მომხმარებელს ციფრული არხების ოპტიმიზაციაში ეხმარება. ჩვენი კლიენტების ძირითადი ნაწილი მსხვილი ბიზნესები, ტექნოლოგიური კომპანიები და დიდი ორგანიზაციები არიან. თუმცა პორტფელში გვყავს საშუალო ზომის ბიზნესები და სტარტაპებიც. გვაქვს საკმაოდ მრავალფეროვანი გამოცდილება: ვმუშაობთ სამედიცინო მიმართულებით, რაც ძალიან გვიყვარს; ასევე აქტიურად ვთანამშრომლობთ უძრავი ქონების სექტორთან - როგორც ბაზარზე არსებულ ერთ-ერთ უძველეს ი-კომერს პლატფორმასთან, ისე სრულიად ახალ პროექტებზე.

მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად მსხვილ მოთამაშეებთან ვმუშაობთ, დიდი სიამოვნებით ვიღებთ ახალ კომპანიებსაც, რადგან SEO-ს მეშვეობით მათი „ნულიდან შედეგამდე“ მიყვანის პროცესი ბევრად უფრო თვალსაჩინოა. თუ შემდგარი ბიზნესების შემთხვევაში უბრალოდ ზრდა იგრძნობა, სტარტაპებთან, რომლებსაც მანამდე ტრეფიკი საერთოდ არ ჰქონდათ, ჩვენი მუშაობის ეფექტი და ბიზნესისთვის მოტანილი სარგებელი კიდევ უფრო მკაფიოდ ჩანს.

- რა სერვისებს აერთიანებს 10xSeo-ის პორტფელი და მათ შორის რომელი იყო წელს ყველაზე მოთხოვნადი?

- ჩვენი მთავარი და ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი ყოველთვიური SEO მომსახურებაა, რომელიც სულ მცირე 6 თვეს გრძელდება და მოიცავს აბსოლუტურად ყველაფერს შედეგის მისაღწევად: ტექნიკურ SEO-ს, კონტენტის შექმნას, მედია პუბლიკაციებს, „ბექლინკებს“ და ა.შ. - მოკლედ, ყველაფერი, რაც გვჭირდება შედეგებისთვის. ყოველთვიურ SEO მომსახურებასთან ერთად, არსებულ კლიენტებს Google Ads-ის მომსახურებასაც ვთავაზობთ, ისევე როგორც AEO (Answer Engine Optimization) ოპტიმიზაციას ChatGPT-ისა და სხვა ენობრივი მოდელებისთვის.

განვიხილავთ მომავალ წელს ანალიტიკის სერვისის დამატებასაც, თუმცა SEO მომსახურება ჩვენი მთავარი პროდუქტია, რომლის სრულყოფასა და გაიდიალურებაზე ვმუშაობთ მაქსიმალურად.

- როგორი იყო 2025 წელი 10xSEO-სთვის და თქვენი დაკვირვებით, რამდენად გაიზარდა ბიზნესის მხრიდან SEO-ს შესახებ ცნობიერება?

- 2025 წელი ჩვენთვის საკმაოდ დატვირთული იყო. ვმუშაობდით როგორც ქართულ, ისე ამერიკულ და ბრიტანულ ბაზრებზე. ქართულ ბაზარზე ბევრი სხვადასხვა მიმართულებით გვყავდა კლიენტი. ჯამში, იმ ვებსაიტებზე, რომლებსაც ჩვენ ვუწევთ SEO ოპტიმიზაციას, თვიურად Google-იდან 2 მილიონზე მეტი მომხმარებელი შედის. წელს გვქონდა მუდმივი ზრდა, რადგან, გარდა იმისა, რომ აქტიურად ვეწეოდით მარკეტინგს, წლის დასაწყისიდან დღემდე ვცდილობთ SEO-ს კუთხით ცნობიერების ამაღლებას ბიზნესებში, რადგან პირადად გვაქვს ნანახი, რა შეიძლება კომპანიას საძიებო სისტემების ოპტიმიზაციამ მოუტანოს, და გვინდა, ამის შესახებ ცოდნა სხვებსაც გავუზიაროთ.

წელს ბიზნესების ინფორმირებულობის დონე საგრძნობლად გაიზარდა. თუ შარშან მარკეტინგის მენეჯერების ნახევარმა არ იცოდა SEO-ს შესახებ და ჩვენგან იგებდა, წელს სიტუაცია შეცვლილია - ისინი თავად მოგვმართავენ მოთხოვნით. აქტიურმა მარკეტინგულმა კამპანიებმა და ჩვენმა საგანმანათლებლო YouTube არხმა ხელი შეუწყო ცნობიერების ამაღლებას. ბიზნესები ხედავენ, რომ ქართულ ბაზარზე კონკურენცია ჯერ კიდევ დაბალია, რაც დომინაციის საშუალებას იძლევა. მაგალითად, გვყავს პარტნიორი კომპანია, რომლის შემთხვევაშიც სრულ ციფრულ დომინაციას ვახდენთ: საძიებო სისტემის პირველ, მეორე და მესამე პოზიციებს მათი რესურსები იკავებს. შესაბამისად, ბიზნესმა ამის საჭიროება წელს მეტად დაინადა, ვიდრე აქამდე.

- ბევრი კომპანია SEO-ს ჯერ კიდევ აღიქვამს, როგორც „უბრალოდ რეიტინგს“. როგორ გარდაქმნით თქვენს სერვისებს რეალურ შედეგებად - გაყიდვებისა და მომხმარებლის ზრდად?

- ჩვენი სერვისი იწყება საძიებო სიტყვების (Keyword-ების) კვლევით, თუ რას ეძებენ მომხმარებლები Google-ში ყოველთვიურად. შემდეგ ამ „ქივორდებს“ ვახარისხებთ ტრანზაქციულ, კომერციულ და ინფორმაციულ ქივორდებად და ვმუშაობთ იმ სიტყვებზე, რომელთა შემთხვევაშიც მომხმარებლის განზრახვა არის ან ტრანზაქციული, ან კომერციული, ანუ რომელ შემთხვევაშიც მომხმარებელმა შესყიდვა უნდა განახორციელოს - აქედან გამომდინარე, ბიზნესებს რეალური შედეგები აქვთ. ასევე, რამდენიმე კომპანიასთან გვქონია შემთხვევა, რომ ჩვენვე დავაოპტიმიზირეთ მათი „ლენდინგ ფეიჯები“ (Landing pages) იმისათვის, რომ გაგვეზარდა გაყიდვების დარეკვების, ან მესიჯების მაჩვენებელი. შესაბამისად, ვიწყებთ SEO-თი, რათა მომხმარებლის განზრახვას დავამთხვიოთ ჩვენი ოპტიმიზაცია და სწორად შევარჩიოთ ქივორდები, შემდეგ კი უკვე გადავდივართ თვითონ გვერდების ოპტიმიზაციაზე.

- რა ძირითადი ტენდენციები გამოიკვეთა 2025 წელს ციფრულ სამყაროში და როგორ აისახა ეს თქვენს მუშაობაზე?

- 2025 წელს მომხმარებლის ქცევა იმაზე მეტად შეიცვალა, ვიდრე ბოლო 20 წლის განმავლობაში ჯამურად. ვგულისხმობ მომხმარებლის ინტერაქციას ხელოვნურ ინტელექტს და ChatGPT-სთან, Gemini-სთან თუ Claude-თან. მომხმარებლებმა ინფორმაციის მოძიება საძიებო სისტემების პარალელურად ამ პლატფორმებზეც დაიწყეს. ჩვენ ამასთან ადაპტაცია მოგვიწია თავიდანვე, რადგან რეალურად ეს ჩვენი სერვისის ნაწილია.

ამ ცვლილებაზე მუშაობა წლის დასაწყისში, ChatGPT-ის ინტერნეტთან დაკავშირებისთანავე დავიწყეთ და მალევე ავუწყვეთ ფეხი. ჯერ კიდევ მაშინ, როცა ამის ოპტიმიზაციის არანაირი მეთოდები არ არსებობდა, დავიწყეთ ექსპერიმენტები და ერთ-ერთი პირველები ვიყავით, ვინც ეს ყველაფერი დანერგა. შედეგად, ჩვენს კლიენტებთან ChatGPT-იდან შემოსული ტრეფიკი, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საშუალოდ გაორმაგდა. ვინაიდან AI მოდელები ინფორმაციის გადასამოწმებლად საბოლოოდ მაინც საძიებო სისტემებს იყენებენ, SEO კვლავ კრიტიკულად მნიშვნელოვანი რჩება. ეს სფერო ახლა „ლურჯი ოკეანეა“, სადაც თავს ძალიან თავისუფლად ვგრძნობთ. თან მიგვაჩნია, რომ მომავალი მთლიანად აქეთ მიდის, ხელოვნურ ინტელექტთან ადამიანებს უფრო მჭიდრო ურთიერთობა ექნებათ მომავალში და ეს სერვისი უფრო ღირებული გახდება.

- რა ინვესტიციასთან არის დაკავშირებული თქვენი სერვისი და რატომ უღირს ბიზნესს ამ ხარჯის გაწევა?

- ჩვენი სერვისის ღირებულება 1 800 ლარიდან იწყება. ბიზნესმა ამას უნდა შეხედოს არა როგორც ხარჯს, არამედ როგორც ინვესტიციას. SEO-ს შედეგები გრძელვადიანია - მოპოვებული პოზიციები ნარჩუნდება. მაგალითად, თუ პროექტზე ერთი წელი ვიმუშავეთ და კომპანია TOP 3-ში მოხვდა, პირველ პოზიციაზე, ის ამ პოზიციაზე დარჩება, ვიდრე, ვთქვათ, კონკურენტი არ გადაასწრებს. გარდა ამისა, ზუსტად ვიცით, რომ ჩვენს სერვისში ჩადებულ ინვესტიციას გაცილებით აღემატება გაზრდილი ტრაფიკით მიღებული ამონგაები, რადგან ჩვენ ოპტიმიზაციას high intent, ანუ მაღალი განზრახვის მქონე მომხმარებლებზე ვახდენთ, რომელთაც სურთ პროდუქტის ან სერვისის შეძენა და ამიტომაც ეძებენ. დადებით ROI-მდე გასვლას დრო სჭირდება, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ კომპანიები იღებენ უკუგებას, რომელიც ხშირად გადახდილ თანხას 5-ჯერ ან 10-ჯერ აღემატება.

გარდა ფინანსური სარგებლისა, ბევრი კომპანიისთვის ეს პრესტიჟის საკითხია - იყვნენ საუკეთესოები თავიანთ სფეროში. ჩვენი სლოგანიც სწორედ ეს არის: „იყავი პირველი“ და Google-ში „SEO სააგენტო“ რომ მოძებნოთ, პირველი შედეგი ჩვენ ვართ, ანუ ჩვენვე ვამტკიცებთ სლოგანს და იმავეს ვთავაზობთ სხვებსაც.

- რას უნდა ელოდოს მომხმარებელი 10xSeo-სგან 2026 წელს?

- მომდევნო წელს კიდევ უფრო აქტიურად ვიმუშავებთ ხელოვნური ინტელექტის (AI) და ChatGPT-ის ოპტიმიზაციის მიმართულებით. ვგეგმავთ მომხმარებლის გამოცდილების (Customer Journey) და მომსახურების ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებას.

ჩვენი მიზანია, ვიყოთ კლიენტების სანდო პარტნიორი, ამ სწრაფად ცვალებად სამყაროში, და შევუნარჩუნოთ მათ ლიდერობა. შეზღუდული რაოდენობით ვიღებთ ახალ პროექტებს, რათა თითოეულ მათგანს მაქსიმალური რესურსი დავუთმოთ. გვსურს, 2026 წელსაც შევინარჩუნოთ პირველობა SEO სააგენტოებს შორის და ჩვენს პარტნიორებს განსაკუთრებული შედეგები მივცეთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები