მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"იყო ბევრი სულელური, სასაცილო რეგულაცია... ზოგ შემთხვევაში იყო ახირება"

5ed211440d109
თამთა ჯიჯავაძე
30.05.20 17:30
1497
აპრილში პრაქტიკულად მთელი ეკონომიკა იყო გაჩერებული და ეკონომიკის ასე მკვეთრად შემცირებას ამის შედეგია, – ასე აფასებს ეკონომისტი სოსო ბერიკაშვილი აპრილში ეკონომიკის 16.6%-იან ვარდნას.

როგორც მან გადაცემა „ანალიტიკაში“ საუბრისას განაცხადა, ეკონომიკა არის ველოსიპედივით, გაჩერებული ვერ მუშაობს.

„უკვე წლის ჭრილშიც ეკონომიკური ზრდა უარყოფით ნიშნულზე გავიდა, მარტში ეს ასე არ იყო. აპრილის 16.6%-იანმა ვარდნამ გადაფარა წლის დასაწყისში მიღწეული ეკონომიკური ზრდა. ეს ყველაფერი სცდება, რა თქმა უნდა, ოპტიმისტურ პროგნოზს, რასაც ვაკეთებდით თუნდაც მარტში ან აპრილის დასაწყისში“, – აღნიშნა ბერიკაშვილმა.

ეკონომისტი ასევე აფასებს საქართველოში ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებულ ეკონომიკურ შეზღუდვებს და ამბობს, რომ მთავრობამ ძალიან მკაცრი შეზღუდვები დააწესა.

„ჯერ ცოტა ადრეა ამის შეფასება, მაგრამ ამ გადასახედიდან შეიძლება იმის თქმა, რომ შერჩევით მაინც მიგვეცა საშუალება ზოგი სექტორისთვის ემუშავა. ანუ ნაკლები შეზღუდვები რომ ყოფილიყო, მთლიანად უხეშად, ერთი ხელის მოსმით არ გაგვეჩერებინა ეკონომიკა, ცალსახად ეკონომიკური ვარდნა ნაკლები გვექნებოდა.  შეიძლება ჯანდაცვის ნაწილშიც არ ყოფილიყო დიდად გაზრდილი რიცხვები. იყო ბევრი სულელური სასაცილო რეგულაცია, რომელიც შემდეგ გააუქმეს, ან ჯერ იღებდნენ, შემდეგ რამდენიმე დღეში გააუქმეს. ზოგ შემთხვევაში იყო პრინციპულობა, ახირება, მე არ ვამბობ რომ „ლოქდაუნი“ არ იყო საჭირო, იყო საჭირო, ვინაიდან ქვეყნებმა, რომლებმაც უარი თქვეს „ლოქდაუნზე“, ჯერ ვერ მიიღეს ის შედეგი, რაც უნდოდათ ჯანდაცვის კუთხით“, – აღნიშნა სოსო ბერიკაშვილმა.

მისივე თქმით, 2008 წლისგან განსხვავებით ეს კრიზისი არ არის ფუნდამენტური ეკონომიკური მიზეზებით გამოწვეული, ამიტომაც როგორც კი ეს მიზეზები შესუსტდება ან გაქრება, ეკონომიკა სწრაფად დაიწყებს დაბრუნებას ძველ ნიშნულზე.

შეგახსენებთ, 2020 წლის აპრილში საქართველოს ეკონომიკა 16.6%-ით შემცირდა - ეს ბოლო ათწლეულის განმავლობაში ერთი თვის განმავლობაში ეკონომიკური ვარდნის მაქსიმალური მაჩვენებელია. 2020 წლის პირველი 4 თვის განმავლობაში კი საქართველოს ეკონომიკური ვარდნის საშუალო მაჩვენებელი 3.6%-ს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები