თბილისის განვითარების ფონდმა ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში სამგორის რაიონში, კალოუბნის ქ. N18-ში ახალი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დაასრულა. 3-სართულიანი ავარიული შენობა 10-სართულიან, მრავალბინიან კორპუსით შეიცვალა.
დედაქალაქის მერი და "ოცნების" მერობის კანდიდატი კახა კალაძე, ვიცე-მერ გიორგი ტყემალაძესთან ერთად, ადგილზე იმყოფებოდა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
„ვარკეთილის დასახლებაში, კალოუბნის ქ. N18-ში ძალიან კარგი პროექტის განხორციელება დავასრულეთ, რომლითაც 29 ოჯახი დაკმაყოფილდება. აღნიშნულ ტერიტორიაზე იყო სამსართულიანი გაუბედურებული, ცუდ მდგომარეობაში არსებული შენობა-ნაგებობა, რომლის დემონტაჟი ორი წლის წინ განვახორციელეთ. პირველ რიგში, მადლობას ვუხდი აქ მცხოვრებ ოჯახებს თანამშრომლობისთვის. შედეგიც სახეზეა - ისინი დღეიდან ახალ, თანამედროვე საცხოვრებელ კორპუსში იცხოვრებენ. მათ გადაეცემათ გარემონტებული, ყველანაირად მოწესრიგებული ფართები. 29 ოჯახიდან დღეს 12 ოჯახს გადავცემთ ფართებს. შესაბამისი სამუშაოები დეკემბრამდე დასრულდება და გარემონტებული ფართები დანარჩენებსაც გადაეცემათ.
კიდევ ერთხელ მივმართავ თბილისელებს, მათ, რომლებიც ანალოგიური პრობლემის წინაშე დგანან, გამოიყენეთ ეს პროგრამა. ჩვენთან, გამგეობასთან თანამშრომლობით, გექნებათ შესაძლებლობა, ავარიული შენობა-ნაგებობა ახალი საცხოვრებელი კორპუსებით ჩანაცვლდეს. მადლობა თბილისის განვითარების ფონდს და მის ხელმძღვანელს. მადლობა სამშენებლო კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“ თანამშრომლობისთვის. მათი უშუალო ჩართულობოთ შედგა ეს წარმატებული პროექტი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამა ყველა თბილისელს აძლევს შესაძლებლობას, თანამშრომლობით მიიღონ უსაფრთხო და თანამედროვე საცხოვრებელი ფართები.
პროექტის ფარგლებში, კალოუბნის ქ. N18-ში არსებული ავარიული კორპუსის დემონტაჟი 2023 წელს განხორციელდა. ახალი შენობის მშენებლობის საერთო ღირებულებამ 7 764 844 ლარი შეადგინა. სამუშაოები შპს „ბიქეი კონსთრაქშენმა“ ჩაატარა.




























