კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მონიტორინგის შუალედური ანგარიშის თანახმად, აგროქიმიკატების ნაწილში, 2022-2025 წლებში, დაიდენტიფიცირდა 75 შემთხვევა, როდესაც პროდუქციის იმპორტის დონიდან საცალო დონემდე ფასნამატი 100%-ს აღემატებოდა (საოპერაციო ხარჯებისა და გადასახადების გაუთვალისწინებლად). რაც შეეხება პესტიციდებს, ანალოგიურ პერიოდში, დაიდენტიფიცირდა 86 შემთხვევა, როდესაც ფასნამატი იმპორტიდან საცალო ქსელამდე ასევე 100%-ს აჭარბებდა.
აგროქიმიკატებისა და პესტიციდების ბაზრების ანალიზი სააგენტომ 2025 წელს დაიწყო და მონიტორინგი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კოორდინაციით ხორციელდება.
სააგენტო აღნიშნავს, რომ როგორც პესტიციდების, ასევე აგროქიმიკატების ბაზარზე, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლებით ხასიათდება ბაზრის საცალო დონე. სადაც, მართალია, ეკონომიკური საქმიანობა საჭიროებს ნებართვას, თუმცა არ არსებობს საკონსულტაციო მომსახურების რეგულირება, თუ რა პრინციპით მოხდეს პროდუქტის შეთავაზება კონკრეტული მომხმარებლისათვის, რათა გამოირიცხოს ინტერესთა კონფლიქტი და ა.შ.
"კომერციული ინტერესით მოტივირებული კონსულტაცია, შესაძლოა გახდეს მაღალი ფასნამატის მიზეზიც, რადგან, შესაძლოა ბაზარზე ფერმერისთვის კონკრეტული საკითხის გადასაჭრელად სხვა აგროქიმიკატი / პესტიციდი იყოს ხელმისაწვდომი კონკურენტ კომპანიაში, თუმცა კომერციული ინტერესით მოტივირებული კონსულტაცია მოქმედებს როგორც კონკურენციის შემზღუდავი ფაქტორი და თავისთავად, ზრდის ფასებსაც. აგროქომიკატებისა და პესტიციდების რიგ პროდუქტებზე არსებული შედარებით დაბალი ფასნამატი მეტყველებს იმ გარემოებაზე, რომ მაგალითისთვის, „გვარჯილას“ გამოყენების საჭიროების შესახებ ინფორმაცია მომხმარებელში მაღალია - ფერმერისთვის ცნობილია იგი რისთვის გამოიყენება და პროდუქტიც ჰომოგენურია. ცალკეული სასუქების / პესტიციდების შემთხვევაში კი, სავარაუდოდ, ფერმერებს ნაკლები ინფორმაცია აქვთ, რის გამოც, ისინი ამ მიმართულებით საჭიროებენ კონსულტაციის მიღებას, რასაც ინტერესთა კონფლიქტის არსებობის პირობებში, როგორც უკვე აღინიშნა, შესაძლოა გააჩნდეს ნეგატიური ეფექტი კონკურენციაზე",- აღნიშნავს სააგენტო.
უფრო დეტალურად, მიმდინარე მონიტორინგის შუალედური ანგარიშით, გამოიკვეთა რამდენიმე ძირითადი გარემოება:
- 1. როგორც პესტიციდების, ასევე აგროქიმიკატებისა და მცენარეთა ზრდის რეგულატორების მიმართულებით, ძირითად შემთხვევებში, იდენტიფიცირებული შესაბამისი ბაზრები მაღალკონცენტრირებულია - კონკრეტული კომპანიები ფლობენ დომინანტურ მდგომარეობას;
- 2. აგროქიმიკატებისა და პესტიციდების, ისევე როგორც მცენარეთა ზრდის რეგულატორების გარკვეულ ნაწილზე მიიღება მაღალი ფასნამატი. აღნიშნულ ტერმინში მოიაზრება ფასნამატი, რომელიც ბაზრის იმპორტის დონიდან საცალო დონემდე აღემატება 100%-ს (საოპერაციო ხარჯების, გადასახადებისა და მოგების გაუთვალისწინებლად);
- 3. ფასნამატი შედარებით დაბალია აგროქიმიკატების იმ კატეგორიაზე, რომლებიც გამოირჩევიან სამომხმარებლო ჰომოგენური მახასიათებლებით, ასევე, რომელთა მიმართაც მაღალია მომხმარებლის ცნობიერება და შესაბამისად კონკურენტული წნეხი;
- 4. ქვეყანაში ამჟამად აგროქიმიკატებისა და პესტიციდების შეძენასთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა / მიღება არ არის რეგულირებული. თავის მხრივ, ამგვარი საქმიანობა ევროკომისიის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მაღალი რისკის შემცველ საქმიანობად არის მიჩნეული. ეს უკანასკნელი, შესაძლოა სულ მცირე 2 უარყოფითი ფაქტორის მომტანი იყოს ბაზარზე: ხელოვნური მოთხოვნით განპირობებული მაღალი ფასები და ჭარბი მოხმარება.
შუალედური ანგარიშის თანახმად, 2025 წელს, საქართველოში, 96 კომპანიის მიერ, ჯამურად 128.8 მლნ ლარის ღირებულების აგროქიმიკატების იმპორტი განხორციელდა, (2022 წელთან შედარებით 11%-იანი ზრდა დაფიქსირდა), ხოლო პესტიციდების იმპორტი 164 კომპანიის მიერ განხორციელდა და ღირებულებამ, მთლიანობაში - 118.6 მლნ ლარი შეადგინა (რაც 2022 წელთან შედარებით 24%-იანი ზრდა იყო).
აგროქიმიკატების იმპორტის ძირითადი ნაწილი საქართველოში რუსეთის ფედერაციიდან, თურქეთიდან და ევროპის ქვეყნებიდან, ხოლო პესტიციდების შემთხვევაში, ძირითადად, ჩინეთიდან, თურქეთიდან და ასევე ევროკავშირის ქვეყნებიდან ხორციელდებოდა.
შესწავლილი მონაცემების საფუძველზე, 2022-2025 წლებში, დაიდენტიფიცირდა 32 შესაბამისი ბაზარი აგროქიმიკატების, ხოლო 34 ბაზარი პესტიციდების მიმართულებით. სააგენტოს პირველადი მონაცემებით, აგროქიმიკატების შემთხვევაში, 9 კომპანიას 14 სხვადასხვა იდენტიფიცირებულ ბაზარზე დომინანტური მდგომარეობის ფლობა დაუდასტურდა, ხოლო პესტიციდების შემთხვევაში - 7 კომპანიას 30 სხვადასხვა შესაბამის ბაზარზე.




























