გიორგი მარგველაშვილი პირველი პრეზიდენტია, რომელსაც ახალ კონსტიტუციაზე მორგება მოუწია. 2013 წელს მან პრეზიდენტის პოსტი ჩაიბარა შეზღუდული უფლებამოსილებებით, რომელსაც დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება არც ეკონომიკური მიმართულებით შეეძლო.
რამდენად აქტიური იყო მარგველაშვილი ბიზნესთან ურთიერთობისას და ზოგადად რა როლი უნდა ჰქონდეს პრეზიდენტს ეკონომიკურ აქტივობაში - ამაზე ქართულ კერძო სექტორს საკუთარი მოსაზრებები აქვს.
სამშენებელო კომპანია GDG-ის ხელმძღვანელი ბეჟან წაქაძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი პირველ რიგში ქართული ბიზნესისა და პროდუქციის ლობისტი უნდა იყოს საზღვარგარეთ. მისი განმარტებით, ქვეყნის ცნობადობა ჯერ კიდევ არ არის ისეთი, როგორიც საჭიროა ეკონომიკის განვითარებისთვის.
„სწორედ ამიტომ მისი ერთ-ერთი ძირითადი ფუქცია ესეც უნდა იყოს. გიორგი მარგველაშვილიც იყო გარკვეულწილად ჩართული ბიზნესის ლობირების თემებში უცხოეთში, მაგრამ ეს გაცილებით დიდი დოზით უნდა იყოს, რადგან ჩვენს ქვეყანას დღეს სწორედ ეკონომიკის განვითარება სჭირდება“,- აცხადებს ბიზნესმენი.
კომპანია „დიოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი თამაზ დაუშვილი კი მიიჩნევს, რომ ბიზნესთან უფრო მეტი კომუნიკაციაა საჭირო.
„ბიზნესი მნიშვნელოვანი ნაწილია ჩვენი ეკონომიკის, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, როდესაც ხელისუფლების სხვადასხვა შტოები აქტიურად არიან კომუნიკაციაში კერძო სექტორთან. ბიზნესის კეთება არ არის ადვილი საქმე. შეიძლება წარმოიშვას ბევრი სხვადასხვა პრობლემა, აქედან გამომდინარე, რაც უფრო ახლო კომუნიკაცია იქნება თუნდაც მომავალი პრეზიდენტის მხრიდან ბიზნესთან, უფრო უკეთესი იქნება“,- აცახდებს თამაზ დაუშვილი.
ბიზნესმენი დავით ბეგიაშვილი კი ფიქრობს, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში ბიზნესს არ სჭირდება არც პრეზიდენტი არც სხვა სახელისუფლებო სტრუქტურები.
„ბიზნესს სჭირდება გამართული და სამართლიანი გარემო და თუ რამე პრობლემაა, დამოუკიდებელი სასამართლო. ეს არის ის ძირითადი ინსტუტუტები, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიული ქვეყნისთვის“,- აცხადებს ბეგიაშვილი.