"ქართული ოცნების" პირველი ვიცე-პრემიერის განმარტებით, აშშ-ში ვიზიტი IMF-ის საგაზაფხულო სესიის ფარგლებში იყო და ოფიციალური შეხვედრები პარალელურად გაიმართა.
საქმე ის არის, რომ „ქართული ოცნების“ პირველმა ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა 22-23 აპრილს ვაშინგტონში მსოფლიო ბანკის ჯგუფისა (WBG) და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) 2025 წლის საგაზაფხულო შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა. პარალელურად, შეხვედრები ჰქონდა სახელმწიფო დეპარტამენტსა და თეთრ სახლში.
დავითაშვილის ვიზიტის დასრულების შემდეგ, ქართულმა გამოცემა globalnews.ge-მ სახელმწიფო დეპარტამენტს შეხვედრებთან დაკავშირებით კომენტარი სთხოვა. სახელმწიფო დეპარტამენტმა კი უპასუხა, რომ დახურულ დიპლომატიურ საუბრებზე კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ აშშ-მა ნათლად აჩვენა, თუ რა ნაბიჯების გადადგმა შეუძლია საქართველოს მთავრობას, რათა დაამტკიცოს, რომ იგი სერიოზულადაა განწყობილი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაუმჯობესების კუთხით.
bm.ge-მ სამინისტროს არაერთხელ მიმართა კითხვით, იყო თუ არა ვიზიტი ოფიციალური, რაზეც პასუხი ვერ მივიღეთ. დღეს, 1 მაისს კი, კითხვა მთავრობის ადმინისტრაციაში სხდომის დასრულების შემდეგ bm.ge-ის მთავარმა რედაქტორმა, თელარა გელანტიამ თავად დავითაშვილს დაუსვა.
"ძალიან მარტივია. ეს იყო საგაზაფხულო წლიურ შეხვედრებში ჩვენი დელეგაციის მონაწილეობა და ჩვენი ვიზიტი უკავშირდებოდა ამ საკითხს ძირითადად, მაგრამ რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია პარტნიორული ურთიერთობების აღდგენა და შემდგომში გაღრმავება, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ორმხრივი შეხვედრები ახალ ადმინისტრაციასთან. ამაზე დეტალურად კიდევ ვისაუბრებ, მაგრამ ახლა ახალი ადმინისტრაცია ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია და რიგ პოზიციებზე ისევ მიდის დანიშვნის პროცესები.
გასაგებია, რომ ჩვენთვის, ცალკე ოფიციალური ვიზიტის მიზანშეწონილობა ყოველთვის დგას, ამას დასჭირდება შესაბამისი დრო. ამ შემთხვევაში ჩვენ გვქონდა საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობა და პარალელურად ორმხრივი ოფიციალური შეხვედრები".
თეთრ სახლში შეხვდით პრეზიდენტის სპეციალურ ასისტენტს, სახელმწიფო დეპარტამენტში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს. დარწმუნებული ვარ, გენდომებოდათ უფრო მაღალი რანგის პირებთან შეხვედრა. ვერ გამოვიდა?
"ჩვენ დავიწყეთ მუშაობა ადამიანებთან, ვისაც რეგიონი აბარია და ჩვენი სპეციფიკა კარგად იციან და ვფიქრობ, დიალოგი სწორედ ასე უნდა დაიწყოს. მეორე ნაწილია ის, რომ უმაღლესი პოლიტიკური პირები შესაბამის დროს რა თქმა უნდა შეგვხვდებიან და ჩვენ გვექნება ასეთი შეხვედრები, თუმცა დღეს აშშ ახალ პოლიტიკას აყალიბებს და ეს არის რეალობა რომელიც ცნობიალია. ხოლო უმაღლესი თანამდებობის პირები ჯერ კიდევ არიან დანიშვნის პროცესში. ჩვენ გვექნება ვიზიტი საშემოდგომო სესიების ფარგლებშიც და პარალელურად შეხვედრები უფრო მაღალ დონეზეც. ახლა კი, მნიშვნელოვანი იყო შევხვედროდით კონკრეტული გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს. დიალოგი დაწყებულია და არის ძალიან პოზიტიური", - განაცხადა დავითაშვილმა.
მისივე თქმით, ღიად უნდა ითქვას, რომ ურთიერთობები აშშ-სთან სასურველ ნიშნულზე არ იყო, განსაკუთრებით, წინა ადმინისტრაციის ბოლო პერიოდში.
"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ძირითად პარტნიორებთან დიალოგი და ურთიერთობის გადატვირთვა. ღიად უნდა ვისაუბროთ, რომ ურთიერთობები აშშ-სთან სასურველ ნიშნულზე არ იყო, განსაკუთრებით, წინა ადმინისტრაციის ბოლო პერიოდში. მნიშვნელოვანია, ეს ვითარება შეიცვალოს. საქართველო, ისე როგორც შეერთებული შტატები დაინტერესებულია თანამშრომლობა გახდეს ურთიერთხელსაყრელი, რაც ახალი ადმინისტრაციისთვისაც აბსოლუტურად მისაღებია.
აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაციის პოზიციები რადიკალურად განსხვავებულია წინა ადმინისტრაციის პოზიციებისგან. დღევანდელი მოცემულობით, ჩვენ მეტი პერსპექტივა გვაქვს ამერიკასთან თანამშრომლობის, ვიდრე გვექნებოდა სხვა პოზიციების შემთხვევაში", - განაცხადა დავითაშვილმა.
შეგახსენებთ, აშშ-მ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა 2024 წლის 30 ნოემბერს შეაჩერა, მას შემდეგ, რაც "ქართულმა ოცნებამ" 28 ნოემბერს ევროკავშირთან გაწევრიანების პროცესი შეაჩერა და დემონსტრანტების მიმართ არაპროპორციული ძალა გამოიყენა.
განცხადებაში ხაზგასმული იყო, რომ "ქართული ოცნების" მხრიდან EU-ში გაწევრიანების შეჩერება საქართველოს კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდის და საქართველოს რუსეთის წინაშე უფრო მოწყვლადს ხდის. აშშ-ს სახდეპი აღნიშნავდა, რომ ქართველი ხალხი ევროინტეგრაციის გაგრძელებას ემხრობა და პოლიციის მიერ მშვიდობიანი მონაწილეებზე ძალადობას გმობს.
ამის შემდეგ 19 დეკემბერს აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა ივანიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურსა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ) უფროსის, ზვიად ხარაზიშვილის, იგივე ხარებას მოადგილეს, მირზა კეზევაძეს ფინანსური სანქციები მაგნიტსკის აქტის ფარგლებში დაუწესა.
2024 წლის 27 დეკემბერს, შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა მილიარდერ ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს - „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს.




























