ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ახალციხეში ვაქცინაციის შემდეგ ექთნის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით ღრმა კვლევა მიმდინარეობს, რომლის შემდეგ უწყებას საშუალება ექნება მოსახლეობას აცნობოს, იყო თუ არა ვაქცინა მეგი ბაქრაძის გარდაცვალების მიზეზი.
როგორც მინისტრმა ოზურგეთში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი შენობის გახსნის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, გარკვეული წინასწარი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით არის, თუმცა საბოლოო დასკვნა ორშაბათს გახდება ცნობილი.
„დარწმუნებული ვარ, საქართველოში სამწუხარო და უბედური შემთხვევების განვითარების შემდეგ ყველა კითხვაზე გაეცემა პასუხი. ის ღრმა კვლევა, რომელიც დღეს სამხარაულთან(ექსპერტიზის ბიუროსთან) ერთად მიმდინარეობს, ჩვენ მოგვცემს იმის საშუალებას, ვაცნობოთ მოქალაქეებს, რომ ამ უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზი ვაქცინა არ ყოფილა. ამის შემდეგ ჩვენი მოქალაქეების ნდობა AstraZeneca-ს მიმართ გაიზრდება და ვაქცინაციის პროცესი ჩვეულ რიტმში აღდგება.
არსებობს გარკვეული წინასწარი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ პირდაპირი გამომწვევი მიზეზი შეიძლება ვაქცინა არ იყოს. ველოდებით სამხარაულის დასკვნას და ორშაბათს ჯანდაცვის სამინისტროში გაიმართება ერთობლივი კომისია, რომელზეც წარმოდგენილი იქნება სამხარაულის ექსპერტიზის და რეგულირების სააგენტოს დასკვნა“, - განმარტა მინისტრმა.



























