შეგახსენებთ, მარტის დასაწყისში პარლამენტარების წინაშე გამოსვლისას „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ „სებ-მა გააჩერა გარიგება“, ივანიშვილი კი მომხრე იყო, რომ „რესპუბლიკა“ TBC-ის ეყიდა. აღნიშნული განცხადება უფრო ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე.
დღეს კი, „Forbes კვირაში“ სტუმრობისას მთავარმა ბანკირმა ამ კითხვას პირდაპირი პასუხი არ გასცა, რადგან მისი თქმით, ეს „კომერციულ საიდუმლოებას წარმოადგენს“.
„სინამდვილეში, ეს საქმე და ეს საკითხი არ იყო ისეთი მარტივი, როგორც ბატონმა მამუკა ხაზარძემ თქვა; სხვადასხვა პერიოდში ვითარდებოდა ეს საკითხი, მაგრამ აქ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ მოლაპარაკებებთან და გარიგებებთან დაკავშირებული ინფორმაცია არაა საჯარო, ეს არის კომერციული საიდუმლოება, რომლის დაცვა ეროვნულ ბანკს ევალება, ევალება იმისთვის, რომ ამ გარიგების ინტერესები იყოს დაცული. რაც შეეხება ნასყიდობაზე გადაწყვეტილების მიღებას, როდესაც ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული, აქ ბევრი ფაქტორი იქნა გათვალისწინებული, თუნდაც კონკურენციის ფაქტორი, თუნდაც ბაზრის სტაბილური და ეფექტიანი ფუნქციონირების საკითხი“, - განაცხადა გვენეტაძემ.
ამასთან, კობა გვენეტაძემ თქვა, რომ მას არ აქვს ინფორმაცია, სად რა საუბარი შედგა ამ თემაზე.
„მე ვერ გეტყვით, სად რა საუბარი იყო. მე ვერ დავუშლი ბიზნესმენებს და პოლიტიკოსებს ამ საკითხის განხილვას... როგორც უკვე აღვნიშნე, ნებისმიერი გარიგების სხვადასხვა ეტაპი და დეტალები არ არის საჯარო და ეს ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ეროვნული ბანკი არის რეგულატორი და მისი საზედამხედველო ღონისძიებებიც არაა საჯარო", - აღნიშნა მან.

























