საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ საქართველოს მთავრობამ სესხების განულების პროგრამა დააანონსა. 19 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ პროგრამის ფარგლებში 600 ათასამდე მოქალაქეს ფინანსური ინსტიტუტების მილიარდნახევრიანი დავალიანება გაუნულდებოდა, ანუ სესხი ჩამოეწერებოდა. მთავრობის მეთაურმა თქვა, რომ სესხები 2018 წლის ბოლომდე განულდებოდა და ამას საკუთარ თავზე ფონდი “ქართუ” აიღებდა.
სესხების განულების პროგრამის დაანონსებისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ახსენა, რომ საფინანსო ინსტიტუტებთან, როგორც ბანკებთან, ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან მოლაპარაკებები მიდიოდა და ზოგიერთი მათგანი უკვე მზად იყო პროექტში ჩართვისთვის. საბოლოოდ, პროგრამაში 11 ბანკი და 40-ზე მეტი არასაბანკო ორგანიზაცია ჩაერთო, თუმცა, აღმოჩნდა, რომ ფინანსური ინსტიტუტების ნაწილს სულაც არ სურდა სესხების ჩამოწერა. მსგავსი განცხადება საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე "თიბისი ბანკის" თანადამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ გააკეთა. მისი თქმით, სესხების განულების პროგრამაში "თიბისი ბანკმა" 120 მილიონიანი პორტფელი 3 მილიონად დაუთმო "ქართუს". ეს ნიშნავს, რომ "ქართუმ" "თიბისი ბანკს" ჩამოსაწერი სესხების მთლიანი მოცულობის (ძირი თანხა, ჯარიმა, პროცენტი) 2,5% გადაუხადა.
ვალების განულების საიტის vali.ge-ის მიხედვით, სულ სესხი 615 ათას პირს ჩამოეწერა, ჯამური დავალიანების თანხამ კი 4 მილიარდ 104 მილიონი ლარი შეადგინა. თუმცა, რა დაუჯდა რეალურად “ქართუ ჯგუფს” სესხების განულების პროგრამა, უცნობია. დიდი ალობათობით, ეს 4 მილიარდი ლარი არ იქნებოდა. მით უმეტეს, "ქართუ ჯგუფს" ამ აქციისთვის 2018 წელს 100 მილიონი ლარი ჰქონდა გათვალისწინებული.
მამუკა ხაზარაძესთან ერთად, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ლაზიკას" ხელმძღვანელი ბესიკ შენგელიაც ამბობს, რომ აქციაში ჩართვა მათთვის ხელსაყრელი არ იყო და სესხები მხოლოდ სოციალურად დაუცველებსა და შშმ პირებს ჩამოაწერეს. ის, რომ სესხების განულების პროგრამაში ჩართვა მომგებიანი არ იყო, ეკონომისტების ნაწილიც ამბობს.
ეკონომისტის დავით კიკვაძის თქმით, ვადაგადაცილებული სესხების პორტფელის ამოღება თითოეული ფინანსური ინსტიტუტისთვის უფრო მომგებიანია, ვიდრე მთავრობის შეთავაზება, რომელიც მთლიანი სასესხო პორტფელის მხოლოდ ძირ თანხას იხდიდა.
"შესაბამისად, ყველა ფინანსურმა ინსტიტუტმა, ვინც ჩაერთო პროგრამაში, სოციალური პასუხისმგებლობა აიღო საკუთარ თავზე და ეს მისი კეთილი ნება იყო"- აცხადებს კიკვაძე.
კითხვაზე, ხომ არ ჰგავდა ეს საფინანსო კომპანიების იძულებას, კიკვაძე ამბობს, რომ "იძულება" უტრირებულად არის ნათქვამი, თუმცა, ამის ელემენტებიც შეიმჩნეოდა.
"რთულია ასეთ პირობებში მუშაობა, როცა ეროვნული ბანკი შეიძლება არ გავალდებულებს, მაგრამ გთხოვს ამ პროგრამაში ჩართვას და შესაბამისად, ამაზე უარის თქმა საკმაოდ რთულია, თუმცა იყვნენ ისეთი ორგანიზაციებიც, რომლებსაც აქ ჩართვა არ უღირდათ",- განაცხადა კიკვაძემ.

























