"იზრდება ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობები და შესაბამისი სტატისტიკა - გასულ წელს დაფიქსირდა 21-პროცენტიანი ზრდა",- ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ესტონეთის პრემიერმინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა
"ჩვენი ხანგრძლივი მეგობრობისა და მტკიცე პარტნიორობის შედეგები თავადვე მეტყველებენ ჩვენს წარმატებაზე. სიამაყით აღვნიშნავთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა სწრაფად ვითარდება ყველა მიმართულებით, რის შედეგად იზრდება ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობები და შესაბამისი სტატისტიკა - გასულ წელს დაფიქსირდა 21-პროცენტიანი ზრდა. ჩვენ მივესალმებით ესტონური ინვესტიციების ზრდას, განსაკუთრებით ენერგეტიკის სფეროში, ასევე - ესტონეთში ქართული ღვინის ექსპორტის ზრდას. ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ესტონელი ტურისტების რაოდენობა ჩვენს ქვეყანაში ყოველწლიურად მატულობს. დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოქალაქეთათვის ახლახან დამტკიცებული უვიზო რეჟიმი კიდევ უფრო გაააქტიურებს ადამიანებს შორის კონტაქტებს. გარდა ამისა, ის საქართველოს მოქალაქეებს მისცემს შესაძლებლობას, ესტონეთის მაგალითზე თავად გაეცნონ ევროინტეგრაციის დადებით შედეგებს.
ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ჩვენი თანამშრომლობა სრულ თანხმობაშია საქართველოს მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიან გეგმასთან - საგადასახადო რეფორმა, რომელიც ხორციელდება ესტონური მოდელის საფუძველზე და უკვე წარმატებით უზრუნველყოფს ახალი დინამიკის შემოტანას საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში; მეწარმეობის ხელშეწყობა, ელექტრონული მმართველობა, საგანმანათლებლო რეფორმა. ამავდროულად, ხშირად ხორციელდება ჩვენს უწყებებსა და შესაბამის სამინისტროებს შორის მაღალი რანგის ვიზიტები და უპრეცედენტო თანამშრომლობა. ესტონელი ექსპერტები მუშაობენ თითქმის ყველა სფეროში და წვლილი შეაქვთ ჩვენი საჯარო მოხელეების შესაძლებლობების გაზრდაში. სულ უფრო მეტი ქართველი სტუდენტი ირჩევს ესტონეთს განათლების მისაღებად და სამეცნიერო კვლევების განსახორციელებლად, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგანაც სწორედ ეს სტუდენტები გახდებიან მომავალში ესტონეთის კულტურის ელჩები საქართველოში“,-აღნიშნა კვირიკაშვილმა.

























