მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

იზრდება უალკოჰოლო სასმელების მიმართ ინტერესი - ნორვეგიაში ქართული ღვინის ბარის დამფუძნებელი

ნათია ყურუა

ნორვეგიაში მდებარე ქართული ღვინის ბარის „ღვინოს“ დამფუძნებლის, ნათია ყურუას თქმით, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების გაყიდვები დაახლოებით 15%-ით არის შემცირებული.

როგორც ის BMGTV-ს გადაცემა "ქალების ნარატივში" ამბობს, პრემიუმ კლასის ღვინოების მომხმარებელთა ნაწილი გადავიდა უფრო იაფ ალტერნატივებზე.

"შედეგად ყველაზე დიდი მოთხოვნა საშუალო ფასის სეგმენტზეა“, - ამბობს ყურუა. არსებული ვითარება მისი თქმით, ნორვეგიაში ყველა იმპორტიორს შეეხო.

გაყიდვების კლების პარალელურად, ბაზარზე მკვეთრად გაიზარდა უალკოჰოლო სასმელების მიმართ ინტერესი. ნათია ყურუა ამას თაობათა ცვლას უკავშირებს: „ახალგაზრდები უფრო მეტად ირჩევენ ჯანსაღ ცხოვრებას, ვარჯიშსა და დაბალკალორიულ ალტერნატივებს. ბარშიც აშკარად ვგრძნობთ, რომ მომხმარებელი ხშირად ითხოვენ უალკოჰოლო პროდუქტებს“, - ამბობს ის.

მისივე თქმით, მან უკვე მიმართა რამდენიმე ქართველ მეღვინეს თხოვნით, დაიწყონ ფიქრი ახალი პროდუქტების შექმნაზე. „მოთხოვნა არსებობს და მზარდია. მგონია, რომ დროა, საქართველოც მოერგოს ამ ტრენდს და სერიოზულად განიხილოს ახალი პროდუქტის მომხმარებლისთვის შეთავაზება“, - აღნიშნავს ყურუა.

მისივე თქმით, ბაზარზე არსებული ცვლილებები დამატებით გავლენას ახდენს ფასის ზრდაზე გლობალურ და ევროპულ ბაზრებზე, მათ შორის ნორვეგიაში. ეკონომიკური და პოლიტიკური გაურკვევლობა მომხმარებლებს უფრო ფრთხილს ხდის ხარჯვისას, რის გამოც რესტორნებსა და ბარებში ალკოჰოლზე დანახარჯები მცირდება.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში უალკოჰოლო ღვინის იდეა ჯერ კიდევ სკეპტიკურად აღიქმება, ნათია ყურუა მიიჩნევს, რომ ბაზრის მოთხოვნები ცვლილებებს აუცილებელს ხდის: „ბარში რომ შემოდიან ჩვენთან და უალკოჰოლო სასმელებს კითხულობენ, იუმორში გადამაქვს და ვამბობ, რომ უბრალოდ საქართველოში ჩვენ არ ვაღიარებთ უალკოჰოლო ღვინოს. ვერ ვხვდებით იდეას, ღვინო გავაკეთოთ და ალკოჰოლის გარეშე იყოს - თუმცა, მოთხოვნა არსებობს და თუ გვინდა კონკურენტუნარიანობა, ახალ ტრენდებზე უნდა გადავეწყოთ“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები