მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ჯაბა კრედიტი" იმ მოქალაქეებს პასუხობს, რომლებიც აცხადებენ, რომ ისინი კომპანიამ დააზარალა

5ca362be9dad3
სალომე მეცხვარიშვილი
02.04.19 17:22
11283
კომპანია "ჯაბა კრედიტი" იმ მოქალაქეებს პასუხობს, რომლებიც აცხადებენ, რომ ისინი კომპანიამ დააზარალა და მათ მიერ შეტანილ თანხებს ვერ იბრუნებენ. საუბარია დაახლოებით 500 მეანაბრეზე, რომლებიც ამბობენ, რომ მთლიანობაში კომპანიის დავალიანება მათ მიმართ 14-დან 17-მილიონ ლარამდეა.

bm.ge წერეთლის გამზირზე არსებულ "ჯაბა კრედიტის" ერთადერთ სერვისცენტრში მივიდა, სადაც ჩვენს კითხვებს ოპერატორმა თამარ ბზიშვილმა უპასუხა.

მისი თქმით, მოქალაქეების თანხები, რომლებიც შეტანილია "ჯაბა კრედიტში", ჩატვირთულია სესხებში, რომელთა ვადიანობაც მინიმუმ სამი წელია. კომპანიაში ამბობენ, რომ მეანაბრეები ეტაპობრივად დაკმაყოფილდებიან, როდესაც კომპანიაში პარალელურ რეჟიმში სესხები დაიფარება.

"მსესხებელი ყოველთვიურად იხდის გადასახადს და ვერ დავავალდებულებთ, რომ ერთიანად გადაიხადოს თანხა. შესაბამისად, როგორც კი დაიხურება სესხები, ეტაპობრივად გაიცემა თანხებიც. კომპანიაც მუშაობს იმაზე, რომ დააკმაყოფილოს მეანაბრეები", - აცხადებს თამაზ ბზიშვილი.

მისი თქმით, კომპანიამ თამასუქებს ახალი რეგულაციების ამოქმედების შემდეგ აღარ იღებს, მას შემდეგ, რაც ამ ოპერაციისთვის ეროვნულ ბანკში რეგისტრაცია გახდა საჭირო. შესაბამისად, კომპანიამ თამასუქების მიღება დაახლოებით ერთი წლის წინ შეწყვიტა. სადავო დღეს სწორედ ძველ პერიოდში მიღებული თამასუქებია.

კომპანიაში აღიარებენ იმასაც, რომ სახელმწიფოს მიმართ დავალიანება აქვთ და ამის გამო მათ ანგარიშებს ინკასო ადევს, თუმცა კომპანიის ოპერატორი მეტ დეტალზე ვერ საუბრობს.

რაც შეეხება ფილიალებს, როგორც "ჯაბა კრედიტში" აცხადებენ, ამჟამად 13-დან მხოლოდ ერთი ფილიალი აქვთ დარჩენილი, დანარჩენი კი კომპანია "გრანდ ფინანსმა" შეიძინა. თუმცა, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ახალი მფლობელი "ჯაბა კრედიტის" სამართალმემკვიდრეც არის, უცნობია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები