მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯაბა თარიმანაშვილი: სახელმწიფო სამსახურებმა სწრაფი რეაგირება დაიწყეს

5bc476a77d850
მაია ბიწაძე
15.10.18 15:10
1989
,, სახელმწიფო სამსახურებმა სწრაფი რეაგირება დაიწყეს, რაც საზღვაო სერვისების განვითარებას უწყობს ხელს“ - ამის შესახებ Bm.ge-ს ბიზნესის ანალიტიკოსმა, საზღვაო მომსახურებისა და სატრანსპორტო კომპანიის ,,ტრანს ლოგისტიკის“ დირექტორმა, ჯაბა თარიმანაშვილმა განუცხადა.

მისი განმარტებით, საქართველოში დღეისათვის არ არის შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომ მოხდეს საერთაშორისო რეისების განმახორციელებელი გემების, ბუნკირების გემით საწვავის მომარაგება. მეორეს მხრივ, ბოლო წლების მანძინლზე შემცირებული გემთშემოსვლის ფონზე, არც შესაბამისი მოთხოვნაა ბაზარზე, რომ გამართლდეს ასეთი გემის შემოყვანა და ოპერირება. მიუხედავად ამისა, არსებობს შესაძლებლობები განვითარდეს საზღვაო სერვისები კანონმდებლობის შესაბამისი კორექტირებით, რომელიც წაახალისებს, როგორც სანაოსნო კომპანიების საქართველოდან მართვას, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიულ წყლებში საზღვაო და სატვირთო ოპერაციების წარმოებას. ეს კი, თავის მხრივ, გაზრდის ეკონომიკურ აქტივობას, საბიუჯეტო შემოსავლებს და დასაქმებულთა რიცხვს.


"ამა წლის ოქტომბერში, ჩვენმა კომპანიამ მიიღო შეტყობინება, რომ საქართველოში მომუშავე გემს უმთავრდებოდა შიდა მოხმარების საწვავი, რაც საფრთხეს უქმნიდა გემის ნაოსნობასა და მუშაობის გაგრძელებას. შესაბამისად, აუცილებელი იყო საქართველოს ტერიტორიულ წყლებში მომუშავე გემის, შიდა მოხმარების საწვავით (მაზუთით) მომარაგება. საქართველოში არსებული ინფრასტრუქტურა ამისთვის არ იყო მზად, ამიტომ საჭირო გახდა შესაბამისი ხარისხის მაზუთით დატვირთული უცხოური გემის საქართველოში შემოყვანა. გემის მოცდენა საკმაოდ სოლიდურ თანხებთან არის დაკავშირებული, ამიტომ საჭირო იყო საქართველოს სახელმწიფო სამსახურების სწრაფი რეაგირება.

ჩვენი კომპანიის წარმომადგენლებმა, ინფორმაცია მიაწოდეს შესაბამის სახელმწიფო სამსახურებს, კერძოდ: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციას. აღნიშნული უწყებების ხელმძღვანელმა პირებმა კი უმოკლეს დროში მოახდინეს რეაგირება, საკითხის შესწავლა და შესაბამისი ნებართვებისა და მითითებების გაცემა. შედეგად, მხოლოდ ერთი საზღვაო ოპერაციიდან საქართველოს ბიუჯეტმა დღგ–ს სახით 400 ათას ლარამდე მიიღო, ხოლო მთლიანად განხორციელებული საზღაო სამუშაოდან საბიუჯეტო, საპორტო და მომსახურე კომპანიების ეკონომიკურმა სარგებელმა ნახევარ მილიონ ლარს გადააჭარბა“ - განაცხადა ჯაბა თარიმანაშვილმა.

მისივე თქმით, სასიხარულოა პრემიერ–მინისტრ მამუხა ბახტაძის ინიციატივა, რომელიც მან ბათუმში გამართულ საერთაშორისო საზღაო ფორუმზე მიმდინარე წლის 13 სექტემბერს გააჟღერა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, აჭარის ხელისუფლებასთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა ინიციატივაზე, რომელიც 2019 წლიდან ითვალისწინებს საგადასახადო შეღავათების დაწესებას იმ კომპანიებისთვის, რომლებიც საზღვაო ბიზნესით და სერვისით არიან დაკავებული.

"დღეისათვის საქართველოში არ ოპერირებენ საერთაშორისო რეისების განმახორციელებელი გემთმფლობელები, რაც ძირითადად საგადასახო კანონმდებლობის შედეგია, შესაბამისად პრემიერ–მინისტრის მიერ გაჟღერებული ინიციატივა გააჩენს დამატებით იმპულს საზღვაო დარგის განვითარებისათვის.

ასევე გასათვალისწინებელია კანონმდებლობა სატვირთო ოპერაციების განხორციელბის კუთხითაც, რადგან დღეს ჩვენი ქვეყანა ვერ ითვისებს საქართველოს ტერიტორიულ წყლებს საზღვაო ბიზნესის წარმოებისთვის. შესაბამისი კანონმდებლობის არსებობა და საერთაშორისო კომპანიების მიერ სატვირთო და სავაჭრო ოპერაციების წარმოება, სოლიდურ დივიდენდებს დაუტოვებდა საქართველოს, გაზრდიდა დარგში დასაქმებულთა რიცხვს, საბიუჯეტო და კერძო სექტორის შემოსავლებს“ - აცხადებს ექსპერტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები