სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით „საქართველოს რკინიგზის“ ყოფილი გენერალური დირექტორი დავით ფერაძე შავი ლითონის მითვისებისა და რელსების შედუღების სამუშაოებთან დაკავშირებული თაღლითურ სქემაში იყო ჩართული. სუს-ის განცხადებით, საქმეზე რვა პირის მიმართ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა, საიდანაც ექვსი დაკავებულია, ორს კი ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა. გამოძიების ვერსიით, ერთ შემთხვევაში ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა „საქართველოს რკინიგზის“ კუთვნილი 22 120 ტონა შავი ლითონი მიითვისეს, რომელიც შემდგომში 17.39 მილიონ ლარად გაიყიდა, ხოლო მეორე ეპიზოდში რელსების შედუღების სამუშაოების მოცულობა ხელოვნურად გაზარდეს, რის შედეგადაც კონტრაქტორმა კომპანიამ დამატებით 403 844 ლარი მიიღო. სუს-ის თანახმად, დანაშაულებრივი სქემები რკინიგზაში წლების განმავლობაში ფუნქციონირებდა. დავით ფერაძე საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე 2017 წლის ნოემბერში დაინიშნა და ამ პოზიციას 2025 წლის მაისის ჩათვლით იკავებდა და ამ პერიოდში ხელფასის სახით 1,661,861 ლარი მიიღო.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დღევანდელ ბრიფინგზე რამდენიმე კომპანია დასახელდა, BMG-იმ გადაამოწმა თუ ვინ ფლობენ ამ კომპანიებს:
- შპს "კახეთი" - კომპანია, რომელსაც ჯართის ტრანსპორტირების ორი კონტრაქტი გაუფორმა საქართველოს რკინიგზამ 1.08 მლნ ლარის და 379 ათასი ლარის ოდენობით. კომპანიას 33 და 13 ათასი ტონა ჯართის შეგროვება ევალებოდა. როგორც სუს-ი მიუთითებს არ ხდებოდა ამ ჯართის აღრიცხვა და აწონვა და შეგროვებული ჯართიდან 22,120 ტონა ჯართი გაყალბებული დოკუმენტაციის მეშვეობით მეტალურგიულ საწარმოში ჩაბარდა, საიდანაც ჯგუფმა 17.4 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო. კომპანია 2019 წლის მაისში არის დაფუძნებული და მის 100%-ის წილს მალხაზ ომარაშვილი ფლობს. მალხაზ ომარაშვილი კომპანიის დირექტორის პოსტსაც იკავებს.
- შპს "ჯადექსა" - კომპანია ჩართული იყო ჯართის სქემაში და ყალბი დოკუმენტაციის მეშვეობით მის მეტალურგიულ ქარხანაში ჩაბარებაში. რეესტრის თანახმად ის 2020 წლის ივნისში დაფუძნდა და მისი 100%-ის წილი ეკუთვნის ალექსანდრე ტორიაშვილს, ის ასევე კომპანიის დირექტორის პოსტსაც იკავებს.
- შპს სამშენებლო სარემონტო კომპანია-ხურო - კომპანია ჩართული იყო ჯართის სქემაში და ყალბი დოკუმენტაციის მეშვეობით მის მეტალურგიულ ქარხანაში ჩაბარებაში. რეესტრის თანახმად ის 2019 წლის აპრილში დაფუძნდა და მისი 100%-ის წილი ეკუთვნის ზაზა ბიძინაშვილს, ის ასევე კომპანიის დირექტორის პოსტსაც იკავებს. თუმცა, სქემის მოქმედების პერიოდში მისი მესაკუთრე და დირექტორი იყო დავით ჯამალაშვილი.
- შპს გრანდ კახეთი - კომპანია ჩართული იყო ჯართის სქემაში და ყალბი დოკუმენტაციის მეშვეობით მის მეტალურგიულ ქარხანაში ჩაბარებაში. რეესტრის თანახმად ის 2019 წლის დეკემბერში დაფუძნდა და მისი 100%-ის წილი ეკუთვნის ანზორ ჯამალაშვილს, ის ასევე კომპანიის დირექტორის პოსტსაც იკავებს. ხოლო სქემის მოქმედების პერიოდში მისი მფლობელი ნინო ჯამალაშვილი, დირექტორი კი პაატა მამისაშვილი იყო.
- შპს "რაველდი" - კომპანია რელსების შედუღების სამუშაოებს აწარმოებდა და სუს-ის განცხადების თანახმად მან 403 ათასი ლარი დაუსაბუთებლად, ზედმეტად მიიღო. კომპანია 2021 წლის ნოემბერში არის დაფუძნებული. ბიზნეს რეესტრის თანახმად, მისი 100%-ის წილი ეკუთვნის გიორგი ტალახაძეს, დირექტორის თანამდებობას კი რევაზ რევაზიშვილი იკავებს.
სუსის თანახმად, დანაშაულებრივმა ჯგუფმა 17.4 მილიონი ლარის ჯართი შემდეგი სქემით მიითვისა:
"გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლის შემოდგომაზე, სს ,,საქართველოს რკინიგზის“ იმჟამინდელმა გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ, სააქციო საზოგადოების კუთვნილი, დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლების მიზნით, ჩამოაყალიბა შეთანხმებულად მოქმედი, სტრუქტურული ფორმის მქონე ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელსაც წინასწარ შემუშავებული სქემის შესაბამისად, უნდა უზრუნველეყო სს ,,საქართველოს რკინიგზის“ კუთვნილი შავი ლითონის შემდგომში სარეალიზაციოდ იმ ფორმით შეგროვება, ტრანსპორტირება, დაჭრა და დახარისხება, რომ შეუძლებელი გამხდარიყო მისი საწყისი ზუსტი ოდენობის დადგენა. პარალელურად, წინასწარ შერჩეული კომპანიების გამოყენებით, უნდა შედგენილიყო საგადასახადო დოკუმენტები, რომელთა საფუძველზეც მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებულ შავ ლითონს გაუჩნდებოდა ფორმალური, ვითომდა ლეგალური წარმომავლობა და განხორციელდებოდა მისი რეალიზაცია. დავით ფერაძემ დანაშაულებრივ სქემაში ეტაპობრივად ჩართო არაერთი პირი, მათ შორის სს ,,საქართველოს რკინიგზის“ ინფრასტრუქტურის იმჟამინდელი დირექტორი. დანაშაულებრივ სქემაში ასევე ჩართული იყო კიდევ ერთი პირი, რომელსაც ფაქტობრივ მმართველობაში გააჩნდა რამდენიმე მეწარმე სუბიექტი - შპს ,,კახეთი“, შპს ,,ნოვა ტრანსი“, შპს ,,ჯადექსა“, შპს ,,სამშენებლო სარემონტო კომპანია ხურო“ და შპს ,,გრანდ კახეთი“.
დანაშაულებრივი შეთანხმების შესაბამისად, სს ,,საქართველოს რკინიგზამ“ ორ ეტაპად - 2020 წლის 08 თებერვალსა და 09 სექტემბერს გამოაცხადა ორი ტენდერი შავი ლითონის ტრანსპორტირების, დახარისხების, დაჭრისა და ერთად შეგროვების მომსახურების შესყიდვაზე, რომლებშიც გამარჯვებულად გამოცხადდა დანაშაულებრივ სქემაში ჩართული პირების მიერ დაფუძნებული და ფაქტობრივ მმართველობაში არსებული შპს ,,კახეთი“. იმავდროულად, დავით ფერაძესთან შეთანხმებით, ერთ-ერთი პირი, სს ,,საქართველოს რკინიგზის“ უფლებამოსილი თანამშრომლების გვერდის ავლით, უზრუნველყოფდა წამოსაღები შავი ლითონის ადგილზე დაუთვლელად, აწონის გარეშე და ზოგ შემთხვევაში, დოკუმენტურად უკვე აღრიცხული შავი ლითონის ხელოვნურად შემცირებული რაოდენობით გატანას. შესაბამისად, დოკუმენტური მხარე ფორმდებოდა იმგვარად, რომ მომავალში შეუძლებელი გამხდარიყო დანაკლისის არსებობაზე პასუხისმგებელი პირის დადგენა, რაც საბოლოოდ გაამარტივებდა მის სს ,,საქართველოს რკინიგზის“ ბალანსიდან ჩამოწერას.
შპს ,,კახეთის“ მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებისას, დავით ფერაძის ორგანიზებით, სს ,,საქართველოს რკინიგზის“ ტერიტორიებიდან, დასაწყობების ნაცვლად, სისტემატურად ხორციელდებოდა მოგროვებული შავი ლითონის ნაწილის სატვირთო ავტომობილებით გატანა და რუსთავში მდებარე შპს „ჯეოსთილის“ საწარმოში ჩაბარება. პროცესში მონაწილეობდნენ და მეთვალყურეობას უწევდნენ როგორც ზემოხსენებული სააქციო საზოგადოების წინასწარ შერჩეული წარმომადგენლები, ასევე დანაშაულებრივ სქემაში ჩართული სხვა პირები - შპს ,,კახეთის“ ფორმალური დამფუძნებელი და დირექტორი, შპს ,,ნოვა ტრანსის“ ფორმალური დამფუძნებელი და დირექტორი, შპს ,,ჯადექსას“ ფორმალური დამფუძნებელი და დირექტორი და შპს ,,სამშენებლო სარემონტო კომპანია ხუროს“ ფორმალური დამფუძნებელი და დირექტორი. ამავდროულად, სს ,,საქართველოს რკინიგზის“ გვერდის ავლით რეალიზებული შავი ლითონის ნაწილის დანაშაულებრივი წარმომავლობისა და მასზე საკუთრების უფლების შენიღბვის, ასევე ტრანსპორტირება/რეალიზაციის გაადვილებისა და დანაშაულში მონაწილე მეწარმე სუბიექტებისათვის ხელოვნური ნაშთის შექმნის მიზნით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ დამზადებულ იქნა ყალბი საგადასახადო დოკუმენტები.
ამდენად, ზემოაღწერილი დანაშაულებრივი სქემის შესაბამისად, 2020-2021 წლებში მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჯამში, დაუფლებულ იქნა სს ,,საქართველოს რკინიგზის“ კუთვნილი 22 120 ტონა შავი ლითონი, რაც წარმომავლობის შეცვლის შემდგომ 17 391 121 ლარად შეისყიდა შპს ,,ჯეოსთილმა“. შპს ,,ჯეოსთილისგან“ მიღებული თანხა აკუმულირდა შპს ,,ნოვა ტრანსისა“ და შპს ,,ჯადექსას“ საბანკო ანგარიშებზე, პერიოდულად კი ხდებოდა მისი განაღდება და ჯგუფის წევრებს შორის განაწილება,"- წერს სუსი.
რელსების შედუღების ტენდერიდან 403 ათასი ლარის მითვისების საქმე:
"გამოძიების მიმდინარეობისას, ასევე დადგინდა, რომ 2022 წლის 29 აპრილს, სს ,,საქართველოს რკინიგზასა“ და შპს ,,რაველდის“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, კომპანიის კუთვნილ ლიანდაგში არსებულ რელსებზე დეფექტების აღდგენის მომსახურების შესახებ, ღირებულებით 999 768 აშშ დოლარი. საერთო ჯამში, უნდა განხორციელებულიყო არაუმეტეს 1600 ერთეული რელსის შედუღება, ხოლო ანგარიშსწორება მოხდებოდა შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმების საფუძველზე. სამუშაოთა მიმდინარეობისას, შპს ,,რაველდის“ დირექტორმა, „საქართველოს რკინიგზის“ ინფრასტრუქტურის იმჟამინდელ დირექტორთან შეთანხმებით, მიღება-ჩაბარების აქტებში დააფიქსირა ხელოვნურად გაზრდილი მონაცემები, რომლის თანახმადაც, შპს ,,რაველდიმ“, ნაცვლად რეალურად განხორციელებული 987 ერთეული რელსის შედუღებისა, თითქოსდა განახორციელა 1200 ერთეულის შედუღება. ყალბ დოკუმენტზე, „საქართველოს რკინიგზის“ ინფრასტრუქტურის იმჟამინდელი დირექტორის დავალებით, ხელი მოაწერეს სს ,,საქართველოს რკინიგზის“ უფლებამოსილმა, მისსავე სამსახურებრივ დაქვემდებარებაში მყოფმა თანამშრომლებმა. აღნიშნულის შედეგად, მიმწოდებელმა - შპს ,,რაველდიმ“ შემსყიდველისგან ზედმეტად მიიღო 403 844 ლარი,"- წერს სუსი.
აღნიშნულ საქმეებზე ფერაძეზე და კიდევ ერთ პირზე ძებნაა გამოცხადებული. დაპატიმრებულია 6 ადამიანი. 9-დან 12 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.
საქართველოს რკინიგზის ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2020 წელს საქართველოს რკინიგზამ ჯართის რეალიზაციით 14.7 მილიონი ლარი, 2021 წელს კი 27.6 მილიონი ლარი მიიღო, შესაბამისად რომ არა კორუფციული სქემა კომპანიის შემოსავალი ამ პერიოდში 17.4 მილიონი ლარით მეტი იქნებოდა.




























