“თიბისი ჯგუფის” დამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მოთხოვნის უფლების დათმობის შესახებ ისაუბრა და პროკურატურის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ნათქვამი, იყო რომ ოფშორში რეგისტრირებულ კომპანიასთან გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, აღნიშნულმა კომპანიამ, ნაცვლად ,,სამგორი M’’-ისა და ,,სამგორი თრეიდისა’’, „თიბისი ბანკისთვის’’ 17 მილიონის ოდენობის სესხის დაბრუნების ვალდებულება აიღო და თავის მხრივ, ხაზარაძე-ჯაფარიძისგან თანხის მოთხოვნის უფლება წარმოეშვა.
“მუდმივად მიმდინარეობს საუბარი იმაზე, რომ რაღაც ოფშორულ კომპანიას დაუთმეს მოთხოვნის უფლება. ამან პროკურატურის განცხადებაშიც გაიჟღერა. ისე არის ხოლმე წარმოდგენილი, რომ რაღაც კრიმინალი მოხდა, რაღაც საშინელება. საზოგადად, არსებობს პრაქტიკა მოთხოვნის უფლების დათმობის. ეს არის საზოგადად მიღებული.
დავუშვათ, 2012 წელს დაუთმო მოთხოვნის უფლება ავთანდილ წერეთლის კომპანიამ ოფშორულ კომპანიას, მერე რა მოხდა?! რაიმე გადახდა მოხდა ჩვენი მხრიდან ამ კომპანიაზე?! რატომ არ დაინტერესდა არავინ?! თვითონ რატომ არ ამბობს, ვინც ამას ახმოვანებს?! შემდგომ რაიმე ტრანზაქცია იყო?!
ახსნა არის ძალიან მარტივი. ის კომპანია, რომელიც ფიქრობდა, რომ ბანკისთვის გაესტუმრებინა ვალდებულება, ამ დროს სესხები იყო უიმედო იმიტომ, რომ ის კომპანიები გაკოტრდა; შესაბამისად, დათმობა მოხდა. არც კრიმინალია აქ და არც კითხვის ნიშანს არ უნდა ბადებდეს თუნდაც ოფშორული ან სადაური კომპანიაც არ უნდა ყოფილიყო.
მე მინდა გთხოვოთ, თქვენც დაინტერესდეთ, თქვენც მოითხოვოთ ეს დოკუმენტაცია და ნახოთ, რა მოხდა ამ დათმობის შემდეგ, მოხდა რაიმე ფულის მოძრაობა ან აცილება? ოფშორული ყოველთვის ისეთი აქცენტით იხმარება, რომ რაღაც ხდება. არაფერი არ მომხდარა მეგობრებო. მოხდა დათმობა, რომელიც ვერ განხორციელდა ვერც განხორციელდებოდა, რადგან ავთო წერეთლის პარტნიორი გარდაიცვალა და დამთავრდა თემა. არაფერი იქ აღარ მომხდარა. ამაზე მუსირება შეგნებულად ხდება, რომ დაბადოს ეჭვები“, - აცხადებს ჯაფარიძე.

























