TBC ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებლის ბადრი ჯაფარიძის შეფასებით, პროკურატურის განცხადებამ მიაყენა დიდი ზიანი არა მხოლოდ კონკრეტულ ინსტიტუტს, არამედ - მთელ ქვეყანას.
ამის შესახებ ჯაფარიძემ მედიას პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომის ჩაშლის შემდეგ განუცხადა.„მე შემიძლია გითხრათ ერთი რამ, რასაც მამუკა ხაზარაძემაც გაუსვა ხაზი. ფულის გათეთრების შესახებ საქმის აღძვრის თაობაზე პროკურატურის განცხადებამ მიაყენა დიდი ზიანი არა მხოლოდ კონკრეტულ ინსტიტუტს, არამედ - მთელ ქვეყანასაც. იმ ტრანზაქციებს, რომელზეც არის საუბარი, არანაირი კავშირი არ აქვს და ვერ ექნება ფულის გათეთრებასთან, თუმცა, ჩვენ პატივს ვცემთ სახელმწიფო ინსტიტუტებს, ამიტომ შეგვიძლია მხოლოდ გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია, დავეთანხმოთ სახელმწიფო ინსტიტუტის ამა თუ იმ განცხადებას. ჩვენ გვაქვს მოქალაქეობრივი უფლება, არ დავეთანხმოთ, მაგრამ ასეთი ტიპის განცხადებები ზიანს აყენებს ქვეყანას, მითუმეტეს რომ ამ განცხადების უკან არანაირი საფუძველი არ არის“, - განაცხადა ჯაფარიძემ.
ის იმედს გამოთქვამს, რომ ეს პროცესი მალე დასრულდება, რათა ბიზნესმა გააგრძელოს თავისი საქმიანობა ყოველგვარი შეფერხების გარეშე და ჩვენ მიერ დაწყებული ყველა პროექტი გაგრძელდეს შეუფერხებლად.
„ასეთი ტიპის განცხადებები აფერხებს ინვესტიციების მოზიდვას“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

























