მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჯაფარიძე: პროკურატურის მიერ მოთხოვნილ გირაოს არ ვეთანხმებით

5d3aeec6c0be9
დავით ჯალაღონია
26.07.19 16:13
1724
"თიბისი ბანკისა" და "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პროკურატურის მიერ მათთვის გირაოს შეფარდების შესახებ მოთხოვნას არ ეთანხმებიან. 

ამის შესახებ ჟურნალისტებს ბადრი ჯაფარიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში შესვლამდე განუცხადა, სადაც სწორედ აღკვეთის ღონისძიების შესახებ იმსჯელებენ.

"თუ აქცევთ ყურადღებას, ვცდილობთ, თავშეკავებულები ვიყოთ ჩვენს განცხადებებში. ჩვენ ვსაუბრობთ იმ ზიანზე, რომელიც ქვეყანას ადგება ასეთი უპასუხისმგებლო მოქმედებების გამო. არ ვეთანხმებით იმ გირაოს, რომელიც მოითხოვა პროკურატურამ, იმიტომ რომ მიგვაჩნია სრულიად შეუსაბამოდ და არაადეკვატურად, რადგან საუბარია 11 წლის წინანდელ ტრანზაქციაზე, რომელსაც არანაირი საერთო არ აქვს ფულის გათეთრებასთან, რადგან თეთრი ფულის სესხება არ შეიძლება ჩაითვალოს ფულის გათეთრებად.

ჩვენ ყველაზე ძლიერი იარაღი რაც გვაქვს, ეს არის სიმართლე და სრული გამჭვირვალობა. ჩვენ სრული გამჭვირვალობით უნდა მივაღწიოთ იმას, რომ არ მოხდეს ფაქტებით, ან რაიმე გზით მანიპულირება ვითარების. ჩვენთვის მთავარია, რომ მთელ ამ პროცესში საზოგადოება იყოს სრულად ჩართული, ყველამ იცოდეს რაზე გვაქვს საქმე, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყნის მომავალზე. ეს არ არის მხოლოდ ჩემი და მამუკას სახელის დაცვა, ეს არის ჩვენი ქვეყნის მომავალის დაცვა. ჩვენ ამაში დარწმუნებულები ვართ და მაზდ ვართ, დავიცვათ მომავალი.

რაც შეეხება იმ პროექტებს, რომლებშიც ჩვენ ვთამაშობდით წამყვან როლს, მზად ვართ გავემიჯნოთ, რომ დავიცვათ ეს პროექტები. სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გუშინწინ განვაცხადეთ გადადგომის შესახებ, ჯერ კიდევ ვერ ჩერდება ქართული კომპანიების აქციების ვარდნა, რადგან აქ საუბარია იმაზე, რომ ის ადამიანები, რომლებიც ამ ქვეყანაში წარმატების სიმბოლოს წარმოადგენენ, მათზე იერიში ხორციელდება", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ცნობისთვის: საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით დღეს მიმართა.

"მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით)", - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ადვოკატ ზვიად კორძაძის ინფორმაციით, პროკურატურა ჯაფარიძისა და ხაზარაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 1-1 მლნ ლარის გირაოს შეფარდებას მოითხოვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები