"თიბისი ბანკის" დამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მისი და მამუკა ხაზარაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შესახებ გადაწყვეტილებას აფასებს და მას უსამართლოს უწოდებს.
„საბოლოო ჯამში, ეს აუცილებელი პროცესი უნდა გავიაროთ ყველამ ერთად, იმიტომ რომ ასეთი აბსურდული ბრალდება, ყოვლად დაუსაბუთებელი, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე. ეს არის უსამართლობა, რომელიც უტოლდება ჩემი აზრით იმ ბრალდებებს, როგორიც არის ბომბეიდან ლონდონამდე გვირაბის გათხრა, ან სხვა მსგავსი რაიმე, იმიტომ რომ ეს პირდაპირ ჩანს, რომ ეს არის პირდაპირ დავალებით“, - განაცხადა ჯაფარიძემ, თუმცა ჟურნალისტების კითხვას, ვისი დავალებით ხდება ეს, არ უპასუხა.
„მე არ მინდა სპეკულირება ამასთან დაკავშირებით. განსხვავებით პროკურატურისგან, თუ მტკიცებულება არ მაქვს, მე არ ვდებ ბრალს არავის. უბრალოდ, ფაქტი ჩანს პირდაპირ, რომ აქ არ არის სამართლის დადგენის, ან თუნდაც სამართლიანობის გარკვევის და დადგენის სურვილი. აქ არის პირდაპირ ის, რომ ამ ორ ადამიანს, როგორმე მივაყენოთ ზიანი, შევუზღუდოთ საქმიანობა, გამოვიყვანოთ წონასწორობიდან. ეს არავითარ შემთხვევაში არ მოხდება“, - განაცხადა ჯაფარიძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 700-700 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.
შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მიიღო.
მისივე განცხადებით, ხაზარაძე და ჯაფარიძე ქვეყნიდან პროკურატურის ინფორმირების გარეშე ვერ გავლენ.
აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარე წლის 12 სექტემბერს ჩაინიშნა.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურა ბრალდებულებისთვის გირაოს სახით 1-1 მლნ ლარის შეფარდებას ითხოვდა.

























