"თიბისი ბანკისა" და "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" დამფუძნებლებს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს საგამოძიებო ორგანოს ინფორმირების გარეშე ქვეყნის დატოვება აეკრძალათ. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქმის პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა განუცხადა.
"ბრალდების მხარემ სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შესახებ. გირაოს ოდენობად ვითხოვთ მილიონ ლარს თითოეულის შემთხვევაში. ასევე გვაქვს მოთხოვნა, რომ აღნიშნულ პირებს აეკრძალოთ საქართველოს საზღვრის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და ნებართვის გარეშე.
აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებისას მხედველობაში მიიღება ბრალდებულების ფინანსური მდგომარეობა. აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო უნდა იყოს შემაკავებელი ხასიათის იმ საფუძვლებით, რა საფუძვლებიც სასამართლოსთვის გვაქვს ჩამოთვლილი. ბრალდებულების ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე მიზანშეწონილად ჩაითვალა, რომ მილიონი ლარი თითოეულისთვის შემაკავებელი ხასიათის იქნებოდა აღკვეთის ღონისძიების მიზნებისთვის", - განაცხადა ტყეშელაშვილმა.
ცნობისთვის: საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით დღეს მიმართა.
"მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით)", - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

























