"ფერაძის სქემის" საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ დაკავებული ანზორ ჯამალაშვილი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს. ამის შესახებ მედიასთან მისმა ადვოკატმა, გელა ნიკოლაიშვილმა განუცხადა.
ადვოკატის განმარტებით, ჯამალაშვილისთვის გაუგებარია, თუ კონკრეტულად რა დანაშაულს ედავება გამოძიება. მისივე თქმით, დაკავებული ითხოვს, რომ პროკურატურამ დროულად წარუდგინოს ბრალი და გადასცეს ის მტკიცებულებები, რომლებსაც ბრალდების მხარე ეყრდნობა.
„შევხვდი დაკავებულს. მისი პოზიცია იგივეა, რაც ერთი თვის წინ, როდესაც ის მოწმის სტატუსით გამოკითხეს: „ჩემი კუთვნილი ტრაილერებით, რომლებსაც ვაქირავებდი და რომლითაც გადაჰქონდათ ჯართი სხვადასხვა ლოკაციაზე, თუ ამისთვის უნდა ვაგო პასუხი, ამაში კრიმინალს ვერაფერს ვხედავო“. როგორც ვიცი, ასეულობით ლოკაციაა, სადაც ჯართს ასაწყობებდა რკინიგზის ხელმძღვანელობა თუ თანამშრომლები და ვერცერთ ადგილს ვერ ნახავენ, სადაც მე პირადად ვყოფილიყავი“, - აცხადებს გელა ნიკოლაიშვილი.
ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და ამბობს, რომ ჯართის შეძენაზე, გაქირავებასა თუ ჩაბარებაზე ყველა შესაბამისი დოკუმენტაცია გააჩნია. გარდა ამისა, ნიკოლაიშვილი აღნიშნავს, რომ ჯამალაშვილს საქმეში ფიგურირებად მაღალჩინოსნებთან კავშირი არ ჰქონია:
„ხელმძღვანელ პირებთან არა თუ კომუნიკაცია არ მქონიაო, არამედ ნაცნობობაცო“, - აცხადებს ადვოკატი.
სუს-ის ანტიკორუფციულმა სამსახურმა საქართველოს რკინიგზის ყოფილი გენერალური დირექტორი დავით ფერაძე და კიდევ 7 პირი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცა. მათგან ორს, მათ შორის დავით ფერაძეს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, ხოლო დანარჩენი პირები თბილისში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავეს. დავით ფერაძე აღნიშნულ პოსტს 2017 წლიდან 2025 წლის მაისამდე იკავებდა.
გამოძიება მიმდინარეობს თაღლითობის, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციისა (ფულის გათეთრება) და ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების მუხლებით (სსკ-ის 180-ე, 194-ე, 210-ე და 362-ე მუხლები), რაც სასჯელის სახით 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სუს-ის ცნობით, საგამოძიებო მოქმედებები ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრების გამოვლენის მიზნით გრძელდება.




























