სამხრეთ აფრიკაში ჩატარებული კლინიკური ცდის შედეგად, Johnson & Johnson-ის ბუსტერ-დოზა როგორც „ომიკრონით“ ინფიცირების, ასევე კორონავირუსის სხვა შტამებით გამოწვეული მძიმე დაავადებებისგან ძლიერ დაცვას უზრუნველყოფს, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ჰოსპიტალიზაციის რისკს. ინფორმაციას „ნიუ-იორკ ტაიმსი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, კვლევით დადასტურდა, რომ ორი დოზით აცრილ მოქალაქეებში კორონავირუსის ახალი, „ომიკრონ“ შტამით ინფიცირების რისკი 85%-ით შემცირდა. ამასობაში, სამხრეთ აფრიკაში ჩატარებულმა სხვა კვლევამ აჩვენა, რომ Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის ორმა დოზამ ჰოსპიტალიზაციის რისკი, დაახლოებით, 70%-ით შეამცირა.
ცნობისთვის: იმის მიუხედავად, რომ აშშ-ის სურსათის და წამლების ადმინისტრაციამ Johnson & Johnson-ის ვაქცინა დაამტკიცა, როგორც გამაძლიერებელი დოზა, დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრი შეშფოთებას გამოთქვამს იშვიათი, მაგრამ სიცოცხლისთვის საშიში სისხლის შედედების შესახებ, რომლებიც Johnson & Johnson ვაქცინასთანაა დაკავშირებული.