2019-23 წლებში IT სექტორის საგარეო შემოსავლები მზარდი იყო და 2023 წელს 784 მლნ დოლარს მიაღწია, თუმცა გასული წლის 9 თვის შემოსავლებში 22%-იანი კლება იყო. სულ სექტორმა 475 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო. როგორი იყო სექტორისთვის მეოთხე კვარტალი ოფიციალური მონაცემები არ გამოქვეყნებულა.
ICT ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე თორნიკე სულაბერიძე “საქმის კურსთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ სავარაუდოდ 2024 წელი ჯამურად IT სექტორის შემოსავლების კლებით დასრულდება, რაც მოსალოდნელი იყო, რადგან 2023 წელს სექტორს ისტორიული ზრდა ჰქონდა. მისი თქმით, მიგრაციული ეფექტი შენელდა, რასაც თავისი ეფექტი ჰქონდა სექტორის შემოსავლებზე. სულაბერიძის თქმით, მიუხედავად ამისა, IT სერვისების ექსპორტის კუთხით საქართველო კვლავინდებურად აქტიურია და მისი მოლოდინით, გასული წელი 700 მილიონი დოლარის მოცულობის ექსპორტის მოცულობით დაიხურა.
“მეოთხე კვარტალის მონაცემები ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა სავარაუდოა, რომ მთელი წლის ჭრილში თუ წინა წელთან შევადარებთ იქნება კლება, დაახლოებით 20%-იანი. ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან 2023 წელს ისტორიულ მაქსიმუმზე იყო სექტორი. 800 მილიონამდე დოლარის ექსპორტი განხორციელდა საქართველოდან, თუმცა 2024 წელს გამომდინარე იქიდან, რომ უკვე პიკს მიაღწია და დაღმასვლა დაიწყო, მოსალოდნელი იყო რომ კლება დაიწყებოდა. საკმაოდ მაღალია ამ სექტორისთვის შემოსავალი ექსპორტიდან, სავარაუდოდ მოლოდინები არის, რომ წინა წელს თუ 12 თვის მონაცემებს ავიღებთ 700 მილიონ დოლარამდე ექსპორტი განხორციელდა საქართველოდან, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია,“- აცხადებს ICT ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე თორნიკე სულაბერიძე.
ამასთან, ქვეყნის ექსპორტის მოცულობა მხოლოდ აიტი სერვისების უცხო ქვეყნებში რეალიზების შედეგად 900 მლნ დოლარამდე არის გაზრდილი. თანხის ეს მოცულობა ორშაბათს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ პარლამენტში კომიტეტის მოსმენაზე დაასახელა. ირაკლი ნადარეიშვილი ამბობს, რომ საქართველოში საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიების მოზიდვის პოლიტიკის შედეგად, აიტი სერვისების ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები უპრეცედენტოა არამხოლოდ ჩვენი რეგიონის მასშტაბით.