ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს ის მედიისა და სამედიცინო საზოგადოების ნაწილისთვის დახურულია. ამის შესახებ მან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გადაცემა “რეალურ სივრცეში” სატელეფონო საუბრისას განაცხადა. გადაცემაში ჯანდაცვის სისტემაში დაგეგმილ რეფორმაზე მსჯელობდნენ, რომლის მიხედვითაც საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში ჩართული კლინიკები სახელმწიფოს ერთნაირი ტარიფებით უნდა მოემსახურნონ. კლინიკები ჯანდაცვის სისტემის რეფორმის გადავადებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული გათანაბრებული ტარიფები, დაბალია. კლინიკები აღნიშნავენ, რომ ამ ტარიფებით ბაზარზე მუშაობა სამედიცინო მომსახურების ხარისხს გააუარესებს.
“ის, რომ მე თითქოს დახურული ვარ მედიისთვის და იმ სამედიცინო საზოგადოებისთვის, რომელიც ახლა თქვენს სტუდიაში ზის, არ შეესაბამება სიმართლეს.
ვწუხვარ, რომ ჩემი კოლეგები, რომლებსაც დღეს თეთრი ხალათი აცვიათ და მეც სულ რამდენიმე ხნის წინ ასევე თეთრი ხალათი მეცვა, ასეთ დამოკიდებულებას აცხადებენ. ძალიან ვწუხვარ ამ ამბის გამო. ეს ნამდვილად ეწინააღმდეგება იმ კოლეგიალურ პრინციპებს, რომლებიც სამედიცინო საზოგადოებაში უნდა არსებობდეს”,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
კითხვაზე, იყო თუ არა კომუნიკაცია ექიმებთან, სადაც ჯანდაცვის სისტემაში რეფორმაზე დაიწყებოდა საუბარი, მინისტრი აცხადებს, რომ კომუნიკაცია იყო კლინიკების ფინანსისტებთან, თუმცა, მანამდე პროცესში ექიმებიც იყვნენ ჩართული, რომლებიც სამინისტროში ექიმთა საბჭოს წევრები არიან.
“მინდა მივმართო ექიმებს: ნებისმიერი ცვლილება, რომელიც მიმდინარეობს სამინისტროს მხრიდან, არ ეწინააღმდეგება მათს ინტერესებს და არ ეწინააღმდეგება პაციენტების შემოსავლებს. არ ეწინააღმდეგება არც მათს შემოსავლებს, არც სამედიცინო მომსახურების ხარისხსს.
კომუნიკაცია იყო, ივლისის თვეში, აგვისტოში. ექიმები წარმოადგენენ სამინისტროში ექიმთა საბჭოებს და პროფესიულ საბჭოებს, რომლებიც დებენ ქვეყნის სტანდარტის გაიდლაინებს, რომლითაც შემდეგ ხელმძღვანელობბენ ფინანსისტები. ჩვენთან კომუნიკაციაში იყვნენ ამ კლინიკების ფინანსისტები და არა ექიმები, რადგან ექიმების მხრიდან მოწოდებული გაიდლაინებით ჩვენ ვიხელმძღვანელეთ”,- განაცხადა მინისტრმა გადაცემაში სატელეფონო ჩართვისას.