მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან ექიმებზე ზრუნვა გვაკლია - არჩილ ჩუხრუკიძე

64a935b4f1aa1
ლიკა გურაბანიძე
08.07.23 17:10
467
“ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან ექიმებზე ზრუნვა გვაკლია", - ამის შესახებ გადაცემაში “წერტილი” საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტმა არჩილ ჩუხრუკიძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ პაციენტზე ზრუნვა ექიმების გარეშე შეუძლებელია.

“როგორც პაციენტების, ასევე ექიმების ინტერესებიც უნდა დავიცვათ. ჩვენმა ექიმებმა, ექთნებმა, უმცროსმა მედ-პერსონალმა ისეთი პანდემია გადაიტანა, ამ თავდადებისთვის უდიდესი მადლობა გვაქვს სათქმელი. რამდენი კმაყოფილი და გადარჩენილი პაციენტი არსებობს. ნუთუ ეს იმის საფუძველი არ არის, რომ პაციენტებზე ვიზრუნოთ აუცილებლად და ექიმებსაც პატივი ვცეთ", - აღნიშნა ჩუხრუკიძემ და დასძინა, რომ "ექიმები უნდა გრძნობდნენ ჯანდაცვის სამინისტროს გვერდში დგომას". "მათ არ უნდა ჰქონდეთ შეგრძნება, რომ ყოველ ახალ რეგულაციას და კანონს, პირველ რიგში, სადამსჯელო ფუნქცია აქვს და არა ხარისხის გაუმჯობესება", - დასძინა მან.

კითხვაზე - რაში უნდა გამოიხატოს ექიმებზე ზრუნვა და რას ეტყოდა ის მინისტრ ზურაბ აზარაშვილს,  სამედიცინო სფეროს წარმომადგენელმა განაცხადა:

"ჩვენი ერთმანეთთან თანამშრომლობა არის გზა სწორი ჯანდაცვისთვის. ჩვენ ერთ საქმეს ვაკეთებთ და ერთმანეთის გარეშე ვერაფერს ვერ გავაკეთებთ, ვინაიდან პაციენტის მკურნალობა ექიმის გარეშე არ არსებობს, შეუძლებელია პაციენტი კარგად გახდეს მაღალპროფესიონალი ექიმის გარეშე".

გარდა ამისა, არჩილ ჩუხრუკიძის თქმით, ჯანდაცვაში ხარისხი არ არის მხოლოდ დოკუმენტაცია და ჯარიმები, ჯანდაცვაში ხარისხი არის მაღალი ტექნოლოგიები. ხოლო, თუ კლინიკებს არ ექნებათ შესაძლებლობა, რომ ინვესტიციები განახორციელონ ახალ ტექნოლოგიებში, ხარისხი არ იქნება - "ჯანდაცვა ბიზნესი რომ არ იყოს, კლინიკებისთვის შეუძლებელი იქნებოდა ახალი ტექნოლოგიების შემოტანა.

პირველი სექტემბრისთვის ახალი რეგულაციებია დასაკმაყოფილებელი და ყველა კლინიკა რემონტის პირობებშია, ახალი რეგულაციებით ფართობები უნდა გაიზარდოს რეანიმაციის, საწოლების, ახალი ინფრასტრუქტურის. სანტიმეტრები ხარისხს არ წყვეტს, ხარისხს წყვეტს თანამედროვე წინ მიმავალი მედიცინა, ახალი ტექნოლოგიები და განათლებული ექიმები. ეს არის გასაღები და ჩვენ და ჯანდაცვის სამინისტრომ ამის მისაღწევად ერთმანეთთან უნდა ვითანამშრომლოთ", - განმარტა საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები