ჯანდაცვის სისტემაშიც გამოიკვეთა გარკვეული ხარვეზები, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ BM.GE-ს კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც პრემიერის მიერ ჯანდაცვის სისტემაში არსებული სუსტი წერტილების შესახებ პარლამენტში გაკეთებულ განცხადებას შეეხებოდა.
როგორც ეკატერინე ტიკარაძემ განმარტა, მთავრობა ჯერ წარადგენს COVID-19- პანდემიის დროს შესრულებული მოქმედებების ანგარიშს და მხოლოდ შემდეგ, საზოგადოებასთან ერთად, იმსჯელებს სისტემის იმ სისუსტეებზე, რომელიც შესაძლოა მთავრობას ვერ დაენახა.
„კორექტული იქნება, თუ დაველოდებით ანგარიშს და მერე უკვე საზოგადოებასთან ერთად ვიმსჯელებთ ერთობლივად თუ რას დაინახავს სუსტ წერტილად საზოგადოება, ისევე როგორც პარლამენტი, რომელიც ჩვენთან ერთად აქტიურად იყო ჩართული კოვიდ 19-ის სტრატეგიის დაგეგმარებაში და ყველა იმ ღონისძიებაში, რომელიც ჩვენ გავატარეთ, და ყოველივე ამის შემდეგ ფართო განხილვის საგანი გავხადოთ და ერთობლივად დავადგინოთ ის სხვა სუსტი წერტილები, რომელიც შეიძლება მთავრობას ამ ეტაპისთვის არ აქვს დადგენილი.
რა თქმა უნდა გარკვეული საჭიროებები გამოვლნდა ჯანდაცვაში. მნიშვნელოვანია, რომ ყოველივე ამას უფრო გლობალურად მივუდგეთ და გვქონდეს სისტემა, რომელსაც არ სჭირდება საგანგებო ღონისძიებების გამოცხადება და ნებისმიერი პანდემიის პირობებში ის შეძლებს გასცეს შესაბამისი პასუხი ყველანაირ გამოწვევას“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
კითხვაზე - რას გულისხმობთ, საგანგებო მდგომაროება რომ არ ყოფილიყო ჯანდაცვის სისტემა ვერ დაძლევდა ამ რისკებს?
ჯანდაცვის მინისტრმა უპასუხა: „მე ეგ არ მიგულისხმია. მე ვიგულისხმე უბრალოდ ის, რომ ჯანდაცვის სისტემაშიც გამოიკვეთა გარკვეული ხარვეზები, რომლის გამოსწორებაზეც ჩვენ ვიწყებთ მუშაობას“.