ორგანიზაცია "კავშირი სიცოცხლისთვის" ჯანდაცვის ახლად დანიშნულ მინისტრს შეხვდა. ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი, გვანცა აფხაიძე BM.GE-სთან ამბობს, რომ მინისტრმა 10 დღე ითხოვა პრობლემებში გასარკვევად და მოგვარების გზებზე შეჯერებისთვის.
აფხაიძის თქმით, მინისტრისგან მიიღეს პირობა, რომ ქვეყანაში ონკოლოგიური მედიკამენტების დეფიციტი მალე აღმოიფხვრება.
"დღეს, სამინისტროში მივედით, რომ წერილი დაგვეტოვებინა მინისტრის სახელზე შეხვედრის მოთხოვნით. თუმცა, ეს ყველაფერი არ დაგვჭირდა და დღესვე შეგვხვდა, რისთვისაც ძალიან მადლიერი ვართ. მოისმინა პრობლემები და მოინიშნა, 10 -დღიანი ვადა ითხოვა, რომ გაერკვეს პრობლემაში და მისი მოგვარების გზებზე შევჯერდეთ. ძალიან იმედის მომცემი იყო ჩვენთვის ეს შეხვედრა.
ვუთხარით, 25 000-ლარიანი ლიმიტის პრობლემის შესახებ, იმის შესახებ, რომ არ ფინანსდება გადაუდებელი კვლევები, ასევე ვისაუბრეთ მედიკამენტების დეფიციტზე. გვითხრა, რომ დეფიციტი ძალიან მალე აღარ იქნება. თქვა, რომ რაც შესაძლებელია მალე მოგვარდეს და აუცილებლად მოაგვარებს. თუმცა, არის თემები, რომლებსაც უფრო დიდი დრო და ფინანსური რესურსი დასჭირდება. ასეთია დაფინანსების ზღვრის ზრდაც, რომელიც ამ ბიუჯეტის ფარგლებში რთულია რომ გადაიხედოს. მივიღეთ პირობა, რომ ყველა ნაბიჯი იქნება თანამონაწილეობით", - განაცხადა აფხაიძემ BM.GE-სთან.
მისივე თქმით, პირველი რიგის ამოცანა მედიკამენტების ხელმისაწვდომობის ზრდაა.
შეგახსენებთ: ჯანდაცვის ახლად დანიშნული მინისტრი მიხეილ სარჯველაძე სამინისტროში დღეს პირველად მივიდა. უწყების ხელმძღვანელი თანამშრომლებს ოფიციალურად პრემიერმა წარუდგინა.