მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჯანდაცვის დანახარჯების მნიშვნელოვანი წილი კვლავ ჯიბიდან გადახდებზე მოდის - TBC Capital-ის მიმოხილვა

ჯანდაცვა

ჯანდაცვის მთლიანი დანახარჯებში ჯიბიდან გადახდებზე კვლავ მნიშვნელოვანი წილი მოდის. ამის შესახებ "თიბისი კაპიტალის" ჯანდაცვის სექტორის მიმოხილვაშია აღნიშნული.

პუბლიკაციის თანახმად, 2023 წლის მონაცემებით ჯიბიდან გადახდების წილი 40% იყო, სახელმწიფო ხარჯები 50%, ხოლო 9% კერძო დაზღვევა. აღნიშნულ წელს ჯანდაცვაზე მთლიანმა დანახარჯებმა 3.4 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წლიურად 12%-იანი კლება იყო პანდემიასთან დაკავშირებული სახელმწიფო ხარჯების მილევის კვალდაკვალ.

მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ ჯანდაცვის სექტორის სტრუქტურა აერთიანებს როგორც კერძო, ისე სახელმწიფო პროვაიდერებს. ჯანდაცვის სერვისების მიწოდებაში კერძო სექტორი დომინირებს, რამდენადაც კლინიკების უმეტესობა კერძოა. თავის მხრივ კი, მთავრობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჯანდაცვის დაფინანსებაში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისა და სხვადასხვა მიზნობრივი პროგრამების მეშვეობით. სექტორი ზომიერად არის კონცენტრირებული, რამდენადაც ათ ძირითად საავადმყოფოზე მოდის ბაზრის მთლიანი შემოსავლის დაახლოებით 50%, ხოლო დარჩენილი ნაწილდება მცირე პროვაიდერებს შორის.

გასული ათწლეულის განმავლობაში საქართველოს ჯანდაცვის სექტორმა განიცადა მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია, რაც ხასიათდებოდა გაფართოებული სახელმწიფო დაფინანსებით, სტრუქტურული რეფორმებით და კერძო სექტორის მზარდი ჩართულობით. 2013 წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის (UHC) შემოღებამ ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაში და პაციენტებზე ფინანსური ტვირთის შემცირებაში ცენტრალური როლი ითამაშა.

2023 წლისთვის ჯანდაცვის სახელმწიფო ხარჯებმა 1,7 მილიარდ ლარს მიაღწია, ხოლო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსებამ 1 მილიარდ ლარს პირველად გადააჭარბა, რაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხარჯების 62%-ზე მეტი იყო. 2024 წელს კი პროგრამის დაფინანსება 1,04 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც ჯანდაცვაზე მთლიანი საჯარო დანახარჯების 51% იყო და კვლავ აღემატებოდა პრეპანდემიურ დონეს. ამავდროულად, ჯიბიდან გადახდები კვლავ ჯანდაცვის მთლიანი დანახარჯების მნიშვნელოვან წილს წარმოადგენს. 2023 წელს ჯანდაცვის მთლიანი დანახარჯებში ჯიბიდან გაღებული დანახარჯების წილი 40% იყო. ეს კი კვლევის თანახმად, ხაზს უსვამს მიმდინარე ხარვეზებს ფინანსურ დაცვასა და სადაზღვევო დაფარვაში.

კერძო ჯანმრთელობის დაზღვევა ფართოვდება, 2024 წელს გაიცა 1,13 მილიონზე მეტი პოლისი. თუმცა, კერძო დაზღვევა კვლავ ფარავს ჯანდაცვის ხარჯების შედარებით მცირე წილს (9%), რაც მიუთითებს სადაზღვევო შეღწევადობის ზრდისა და ფინანსური რისკის უკეთესი დაცვის აუცილებლობაზე.

დემოგრაფიული ტენდენციები ცვლის მოთხოვნილებას ჯანდაცვის სერვისებზე. საქართველოში მოსახლეობის დაბერება, 65 წელზე უფროსი ასაკის ადამიანების წილის 2013 წელს 14,1%-დან 2024 წელს 16,2%-მდე მატება, იწვევს ქრონიკულ და გრძელვადიან მკურნალობაზე მოთხოვნის ზრდას. ამავდროულად, შობადობის მუდმივი კლება - მთლიანი შობადობის 36%-იანი ვარდნა 2014 წლიდან - მოსალოდნელია, რომ შეამციროს მომავალში მოთხოვნა პედიატრიულ და სამშობიარო მომსახურებაზე და დააჩქარებს მოსახლეობის დაბერებას.

რაც შეეხება მიწოდების მხარეს, ჯანდაცვის მუშახელი კვლავ დაუბალანსებელია. ექთნების და ექიმების თანაფარდობის მაჩვენებელი 0,89-ს შეადგენს, რაც დაბალია ევროკავშირის სტანდარტებზე და რეგიონალური ქვეყნის საშუალო მაჩვენებლებზე. ეს კი პოტენციურად სერვისის ხარისხზე მოქმედებს. ჯანდაცვის ინფრასტრუქტურა და პერსონალი ძლიერ კონცენტრირებულია თბილისში, რაც იწვევს ხელმისაწვდომობის რეგიონულ უთანასწორობას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები