სამშობიარო დაწესებულებების ნაწილი, შესაძლოა, დროებით სექტორში მოქმედი გარკვეული რეგულაციისგან გათავისუფლდეს, - აღნიშნულს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება ითვალისწინებს, რომლის მიხედვით, ჯანდაცვის მინისტრს მიეცა უფლებამოსილება, ამგვარი ნაბიჯი სამედიცინო სერვისზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით გადადგას, გარკვეული დათქმით, ამ გადაწყვეტილებამ გავლენა არ უნდა მოახდინოს მომსახურების ხარისხზე. ბრძანება 2024 წლის 1 აგვისტოდან წარმოშობილ ურთიერთობებზე ვრცელდება.
“საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი უფლებამოსილია, სამედიცინო სერვისზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, გაათავისუფლოს დაწესებულება ამ ბრძანებით დადგენილი ცალკეული მოთხოვნების შესრულების ვალდებულებისგან, თუ ეს გავლენას არ მოახდენს დაწესებულებაში შესაბამისი სამედიცინო მომსახურების ხარისხზე, და დაწესებულებას მისცეს გონივრული ვადა ამ მოთხოვნასთან/მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. აღნიშნული გადაწყვეტილება გაუქმდება, თუ დაწესებულება დადგენილ ვადაში ვერ უზრუნველყოფს შესაბამისი მოთხოვნის/მოთხოვნების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენას “ - აღნიშნულია ბრძანებაში.