მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჯანდაცვის სამინისტრო 2026 წლიდან ინვენტარიზაციას იწყებს - მინისტრის მოადგილე აუდიტის რეკომენდაციას პასუხობს

ირინე წაქაძე

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ირინე წაქაძემ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდაციებს უპასუხა და განაცხადა, რომ სამინისტრო ფართომასშტაბიან ინვენტარიზაციას 2026 წლიდან დაიწყებს, რასთან დაკავშირებითაც შეიქმნება კომისია.

როგორც მან პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, არსებული ხარვეზების ეტაპობრივი აღმოფხვრა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება.

აუდიტის მიხედვით, 2023 წელს არ არის ჩატარებული ინვენტარიზაცია, არ გაფორმებულა ურთიერთშედარების აქტები, ასევე არ ჩატარებულა დებიტორული დავალიანების რეალობის, ხანდაზმულობისა და ამოღების ალბათობის შესწავლის ღონისძიებები.

ირინე წაქაძის თქმით, ინვენტარიზაცია სამინისტროს სისტემაში რამდენიმე წელია არ ჩატარებულა, თუმცა სიტუაციის გამოსასწორებლად უკვე მიღებულია გადაწყვეტილება.

„ვაპირებთ, საინვენტარიზაციო კომისიის შექმნას და 2026 წლის დასაწყისიდან ფართომასშტაბიან ინვენტარიზაციას ვიწყებთ. სამინისტროს საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, პროცესი შერჩევითად დაიწყება და შემდეგ, ეტაპობრივად გავრცელდება ყველა სფეროზე. ეს მოგვცემს საშუალებას, გამოვავლინოთ და გამოვასწოროთ არსებული ხარვეზები“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

წაქაძემ ასევე შეეხო აუდიტის რეკომენდაციის პირველ ბლოკს, რომელიც აქტივების მართვას უკავშირდება. მისი თქმით, აუდიტი მიუთითებს ფინანსურ ანგარიშგებებში ასახულ იმ მიწის ნაკვეთებსა და არასაცხოვრებელ შენობებზე, რომლებიც ფაქტობრივად არ გამოიყენება.

"რეკომენდაციას სრულად ვეთანხმებით. საუბარია იმ აქტივებზე, რომლებიც საგანგებო სიტუაციების და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ბალანსზე იყო 2023 წელს. იმავე წელს დაიწყო მათი ჩამოწერის პროცესი", - აღნიშნა წაქაძემ და დასძინა, რომ მიუხედავად პროგრესისა, გარკვეული არამოქმედი აქტივები კვლავ სამინისტროს ბალანსზე რჩება და მათი ჩამოწერა ახალი ინვენტარიზაციის პროცესში დასრულდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები